ინციდენტი საზღვარზე

რუსი ძალოვნები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ

რუსული წყაროები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ საქართველოში დაღესტანის მხრიდან მებრძოლთა ჯგუფის გადასვლასთან დაკავშირებით. როგორც სააგენტო РИА Новости დაღესტანის სამართალდამცავ სტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, საქართველოს ტერიტორიაზე ე. წ. ცუნტის დაჯგუფების მებრძოლები გადავიდნენ, რომლებიც რუსი ძალოვნებისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ.

„თუ ისინი დაბრუნებას მოინდომებენ, ჩვენ აქ დავხვდებით“, - განაცხადა ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა. იგივე სააგენტოსთან საუბრისას რუსეთის სასაზღვრო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საზღვარზე სიმშვიდეა და უსაფრთხოების რაიმე დამატებითი ღონისძიებები არ ხორციელდება.

ამავე დროს, რუსეთის უშუშროების ფედერალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ვადიმ შიბაევმა РИА Новости-ს განუცხადა, რომ ქართული მხარის ინფორმაცია დაღესტანიდან საქართველოში შეიარაღებული ჯგუფის გადასვლის შესახებ "პროვოკაციაა, რომელსაც რეალური საფუძველი არ გააჩნია". 

მანამდე, რუსულმა სააგენტო Интерфакс-მა გაავრცელა წყაროს ინფორმაცია ჩრდილო კავკასიის რეგიონის ძალოვანი სტრუქტურებიდან იმის შესახებ, რომ ბოლო დღეებში რუსეთ-საქართველოს საზღვრის დარღვევა იმ მონაკვეთზე, სადაც ამჟამად ქართველი სამართალდამცავები სპეცოპერაციას აწარმოებენ, არ დაფიქსირებულა. რუსმა ძალოვანმა უარყო რუსეთიდან საქართველოში დივერსანტების შეღწევის შესაძლებლობა და განაცხადა, რომ „თბილისში დროდადრო ასეთ პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებენ, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ისედაც დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს“.

 

კომენტარები