Samsung

Samsung-ის აქციები ეცემა

Samsung Electronics-ის აქციები დიდი მაჩვენებლით ეცემა. ბოლო მონაცემებით, აღნიშნული აქციების ფასი სეულის ბაზარზე თითქმის 7%-ით დაეცა, რაც ბოლო ოთხი წლის მანძილზე რეკორდული მაჩვენებელია.

ანალიტიკოსთა შეფასებებით, აქციების ფასის ვარდნა Apple-თან წაგებულმა სასამართლო პროცესმა განაპირობა.  კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ კომპანია Samsung–ს კონკურენტი კორპორაციისთვის, Apple-ისთვის 1,05 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება Samsung–ის მიერ Apple-ის საავტორო უფლებების დარღვევის გამო მიიღო.

Samsung-ის წარმომადგენლები აღნიშნული განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ. მათი თქმით, ვერდიქტი მომხარებელს შეზღუდულ არჩევანს უტოვებს, რაც ბაზარზე ფასების ზრდას გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ კომპანია Nokia-ას აქციები 10%-ით გაძვირდა. ექსპერტების ვარაუდით, Samsung-ისა და Apple-ის დავით, Nokia-ს გარდა Microsoft-იც ისარგებლებს, რომელიც ბაზრაზე Windows-ის პროგრამულ ბაზაზე შექმნილი სმარტფონის გამოშვებას გეგმავს. 

კომენტარები