არჩევნები 2012

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ნაციონალური მოძრაობა უკანონო შემოწირულობების მიღებაში ამხილა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა  თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის უკანონო შემომწირველების საქმე განსახილველად გადაუგზავნა. აუდიტი მოითხოვს პოლიტიკურმა პარტიამ შემომწირველებს 1.575.000 ლარი დაუბრუნოს.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის სოლიდური თანხების შემომწირველი ხუთი პირის შემოსავლები შეუსაბამოა რაიმე სახის დანაზოგის განხორციელების შესაძლებლობასთან“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში.

ამ პირების მიერ პოლიტიკური გაერთიანებისთვის შეწირული თანხები  უკანონო შემოწირულობად ჩაითვალა. მათ ქონებას, კანონის შესაბამისად, სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის (1.575.000 ლარის) ფარგლებში ყადაღა დაედო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უკანონოდ მიჩნეული თანხები შემომწირველებს დაუბრუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება.

ამასთან, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიჩნია, რომ ერთი პირის შემოწირულობის შემთხვევაში  მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადების ნიშნები გამოიკვეთა. საქმის მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა.

კომენტარები