სტატისტიკა

გასულ წელს 524 ავტომობილი არ მოუპარავთ

23 აგვისტოს ნეტგაზეთზე გამოქვეყნდა სტატია - რატომ არ სჯერა იუსტიციის სამინისტროს შსს-ს მონაცემების http://netgazeti.ge/GE/105/News/12331/. სტატიაში ნათქვამია, რომ 2012 წელს სულ 524 ავტომობილი მოიპარეს, რაც წინა წელთან შედარებით 13-ჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელია.

შსს-ს განმარტებით, მონაცემების ინტერპრეტაცია არასწორია. მანქანის ქურდობა სისხლის სამართლის კოდექსში გაწერილი საერთოდ არ არის. არსებობს მუხლი დანაშაული სატრანსპორტო საშუალებების წინააღმდეგ, რომელიც გულისხმობს როგორც თვითონ მანქანის გატაცებას, ისე მანქანისთვის ზიანის მიყენებასაც - მაგალითად, სარკის ან საბურავის ქურდობას. ამ მუხლის ქვეშ კვალიფიცირდება ისეთი ტიპის შემთხვევებიც, როცა შეიძლება მეპატრონემ განაცხადოს მანქანის დაკარგვის შესახებ და შემდეგ თვითონვე მიაგნოს მას - მაგალითად, შვილმა დაუკითხავად წაიყვანა მშობლის მანქანა ან მეპატრონემ პარკირების ადგილს ვერ მიაგნო და ა.შ.

2012 წლიდან ამ საქმეებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ავტომატურად ხდება. ამის მიზეზი მთელი პროცესისადმი ინოვაციური მიდგომის დანერგვაა: ელექტრონული გამოძიების სისტემა საშუალებას იძლევა ყველა ოქმი შსს-ს, პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროსა და სხვა კომპეტენტური ორგანოების ერთობლივ ბაზაში ელექტრონულად დარეგისტრირდეს.

როგორც შსს-ს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი განმარტავს, ამ მიდგომის დანერგვით გამოძიება უფრო ოპერატიული და ეფექტიანი ხდება: „არცერთ გამომძიებელს არ უხდება ფურცლებით წინ და უკან სირბილი.“

მისივე განმარტებით, ელექტრონული გამოძიების სისტემა სიახლეა, რომელიც მუშაობის პროცესში კიდევ უფრო დაიხვეწება, ხოლო მანამდე, თუ ჟურნალისტებს სურთ, ჩაშლილი მონაცემების გაანალიზება, კარგი იქნება, თუ ამ მონაცემებისთვის ან მუხლების განმარტებისთვის შსს-ს მიმართავენ.

შსს აპირებს უახლოეს დროში ჩაშლილი სტატისტიკა წარმოადგინოს. ტაბულა თავის მკითხველს ამ მონაცემებს და ასევე, ელექტრონული გამოძიების სისტემის სპეციფიკას დეტალურად გააცნობს.

კომენტარები