არჩევნები 2012

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეუთოს სადამკვირვებლო მისიას მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეუთოს სადამკვირებლო მისიისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა. "მინდა შეგახსენოთ, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე სწორედ საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მოწვევის ინიციატივით. ეუთოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც სრული ურთიერთგაგების ატმოსფეროში წარიმართა", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძე. მანვე პრეზიდენტის სახელით მადლობა გადაუხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას.

პრესსპიკერი ამბობს, რომ შეხვედრაზე წინ გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად, არსებული ნაკლოვანებებიც განიხილეს. "ამავე შეხვედრაზე დაისახა მათი აღმოფხვრისთვის შესაბამისი გზები. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პრეზიდენტი უდიდესი პატივისცემით არის გამსჭვალული ბატონი რიკარდო მილიორის, ბატონი ტონინო პიცულას და ეუთოს დელეგაციის სხვა წევრების მიმართ. დიდი გულისყურით ეკიდება მათ თითოეულ მოსაზრებას. აქვე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ეუთოსთან და მის სადამკვირვებლო მისიასთან თანამშრომლობა საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარების საკითხზე ძალზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

 

კომენტარები