არჩევნები 2012

ნიკა რურუა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკარდო მილიორის განცხადებასთან დაკავშირებით, მის მიერ პრესისთვის მიცემულ კომენტარზე განმარტება გააკეთა. ნიკა რურუა აცხადებს, რომ ჟურნალისტმა მას კომენტარი მცდარი ინტერპრეტაციით მიაწოდა.

”ბატონი რიკარდო მილიორის სრული კომენტარის წაკითხვის შემდეგ, როგორც გავარკვიე მის განცხადებაში არანაირად არ იგულისხმებოდა საქართველო, როგორც „ლენინისტური“ ქვეყანა, როგორც მე ეს ფაქტი არასწორად მომაწოდეს ჩემი კომენტარის გაკეთებამდე ანუ მაშინ როდესაც მე მისი განცხადება წაკითხული არ მქონდა. განცხადების გაცნობის შემდეგ, ვაცხადებ, რომ ავტორი იქ სხვა საკითხებთან ერთად იხილავს ქართული პოლიტიკური კულტურის ცალკეულ თავისებურებებს, როგორც ეს ახალგაზრდა დემოკრატიებს ახასიათებთ და აკეთებს საკუთარ შეფასებას, რისი საწინააღმდეგოც ბუნებრივია, არაფერი მაქვს.” - ამბობს რურუა.

მინისტრის თქმით, რიკარდო მილიორის კომენტარი ჟურნალისტისგან გაიგო: ”თითქოს მე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადადგომა მოვითხოვე, რაც სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება. აქ საქმე გვაქვს ციტირებულ კომენტარზე კომენტირებასთან, რითაც ამგვარი მცდარი ინტერპრეტაციის საშუალება შეიქმნა. მინდა მოვუწოდო პრესის წარმომადგენლებს, რომ გაითვალისწინონ აღნიშნული ფაქტი და არ დაამახინჯონ სიმართლე.” - აცხადებს რურუა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა რურუას კომენტარი, რიკარდო მილიორის შემდეგ განცხადებას მოყვა - „საარჩევნო კამპანიაში ვხედავ ლენინიზმის მცირე ნიშნებს. ლენინიზმში ვგულისხმობ იმას, რომ პარტიები საკუთარ პროგრამებს არ წარადგენენ და ცდილობენ ერთმანეთი გაანადგურონ. ამ ქვეყანაში არის განსხვავებული პოლიტიკური პარტიები, მაგრამ ისინი მტრები არ უნდა იყვნენ“

ამასთან დაკავშირებით პრესამ ნიკა რურუას შემდეგი კომენტარი გამოაქვეყნა: ”გამოთქმა აბსულუტურად უადგილოდ მიმაჩნია! ამას აბსოლუტურად არ ვეთანხმები, ეს არის სრული სისულელე! მისი გამომთქმელის მოტივაციას დავაყენებდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ლენინზმი ან კარგად არ იცის რა არის, იმიტომ, რომ ამისი ისტორიული ფაქტები არსებობს. ლენინზმი ნიშნავს არათავისუფალ ქვეყანას, არანაირ შეჯიბრების უნარიანობას, სიტყვის თავისუფლების აბსულუტურად არყოფნას, პოლიტიკური ოპონენტების პირდაპირ დახვრეტას. მას თუ ასეთი შთაბეჭდილება დარჩა საქართველოზე, ეს ადამიანი უმჯობესია აღარ იყოს პოსტზე".

 

კომენტარები