ნაციონალური მოძრაობის სპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი წინასაარჩევნო ვითარებასთან დაკავშირებით ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციის შეფასებას ეხმიანება. პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს სურს, არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. ამისთვის მან საერთაშორისო ორგანიზაციები მიმდინარე პროცესებზე დასაკვირვებლად ადრეულ ეტაპზე მოიწვია.
ნაციონალური მოძრაობის სპიკერი არ გამორიცხავს, რომ ეუთოს მისიის მხრიდან გამოთქმული კრიტიკა "კონკრეტული პარტიის ლობისტების მიერ მიწოდებულ არაზუსტ ინფორმაციას“ ეყრდნობოდა.
თაქთაქიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავისი საქმიანობა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტებით წარმართოს და თითოეულ ქმედებასთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობას, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.
ეუთოს დელეგაციამ შეშფოთება გამოთქვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის „საეჭვო გადაწვეტილებებზე“, ასევე „მკაცრ“ და „არაპროპორციულ“ ფინანსურ ჯარიმებზე, რომლებიც მათი დაკვირვებით, შერჩევითად გამოიყენება.
ეუთო-ს დელეგაციამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიის შექმნასა და წინასაარჩევნოდ ფულის ხარჯვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, რაზეც საქართველოს ხელისუფლება დიდ ძალისხმევას ხარჯავს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მისიამ ოპოზიციას პასუხისმგებლობისკენ, ასევე, საარჩევნო კამპანიის წესებისა და არჩევნების შედეგების მიღებისკენ მოუწოდა.




