ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის სამდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ვიზიტის მიზანი ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს შეფასება იყო.
მისიის შემადგენლობაში შედიოდნენ: მისი ხელმძღვანელი, ხორვატიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ტონინო პიცულა; ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი; ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი სპენსერ ოლივერი და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დირექტორი რობერტო მონტელა.
ვიზიტის დროს დელეგაცია შეხვდა ხელისუფლების, მმართველი პარტიის, ოპოზიციის, საარჩევნო ადმინისტრაციის, მედიისა და სამოქალაქო სექტორის, ასევე თბილისში მომუშავე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს.
მისიის წევრების შეფასებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები მიესალმებიან იმ ძალისხმევას, რომელიც ამომრჩეველთა ერთიანი სიის შესაქმნელად შესაბამისმა უწყებებმა მოქალაქეებთან ერთად გასწიეს. ამასთან, ისინი დადებითად აფასებენ წინასაარჩევნოდ ფულის ხარჯვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
„არის რამდენიმე საკითხი რომელიც ჩვენს შეშფოთებას იწვევს და რომლის თვალის დევნებასაც ჩვენ ყურადღებით გავაგრძელებთ. ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში მზარდ პოლიტიკურ პოლარიზებას,“ - განაცხადა ტონინო პიცულამ, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელიც იქნება.
ეუთოს დელეგაციამ შეშფოთება გამოთქვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის „საეჭვო გადაწვეტილებებზე“, ასევე „მკაცრ“ და „არაპროპორციულ“ ფინანსურ ჯარიმებზე, რომლებიც მათი დაკვირვებით, შერჩევითად გამოიყენება.
დელეგაციამ ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება დამოუკიდებელ სასამართლოს, ხელმისაწვდომ მედიასა და პასუხისმგებლიან ოპოზიციას.
„ამ არჩევნების წარმატება ასევე დამოკიდებულია პასუხიმგებლობის მქონე ოპოზიციაზე, რომელსაც გააჩნია სამართლებრივი უფლება პოპულარიზაცია გაუკეთოს თავის მიზნებს, თუმცა ამავე დროს პატივი უნდა სცეს საარჩევნო კამპანიის წესებს. ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს და მიიღოს არჩევნების შედეგები,“ - განაცხადა პიცულამ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკარდო მილიორიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში სანდო არჩევნები ჩატარდება და საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს „ყველა პარტიისთვის თანაბარი პირობების შექმნას.“




