ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

სტრასბურგის სასამართლო კვლავ ქართველი ადვოკატების არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს

ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ორ საქმესთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, სადაც ქართველი ადვოკატის უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

პირველი საქმე ”ალადაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, რუსთავის ციხეში მყოფ პატიმარს ეხებოდა. პატიმარი ჩიოდა, რომ სახელმწიფო მის ტუბერკულოზს სათანადოდ ვერ მკურნალობდა, რის გამოც პირობით გათავისუფლებას ითხოვდა.

საქმის მიმდინარეობისას სახელმწიფომ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულება, სადაც ნაჩვენები იყო, რომ პატიმარი განიკურნა და ციხეში დარჩენა შეეძლო. პატიმარი საქმის შეჩერებას ითხოვდა. მისმა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ გააპროტესტა საქმის შეჩერება და თქვა, რომ პატიმარს ფიზიკური ზეწოლის ქვეშ აიძულეს საქმის შეწყვეტის მოთხოვნის დაწერა. სასამართლომ ადვოკატს მოსთხოვა პატიმართან შეხვედრა და მასთან პოზიციის შეთანხმება. გადაწყვეტილების ტექსტის მიხედვით, ადვოკატი პატიმარს შეხვდა და როგორც გაირკვა, მან არ იცოდი ადვოკატის გადაწყვეტილების შესახებ, რომ საქმე გაეგრძელებინა. ადვოკატმა სასამართლოს წერილი მისწერა, სადაც აღიარა რომ თავისი პოზიცია პატიმართან არ შეუთანხმებია.

გადაწყვეტილებაში სასამართლო წერს, რომ აღშფოთებულია ადვოკატის ქმედებით, რომელიც პატიმრის ნების შესაბამისად არ მოქმედებდა. სტრასბურგის სასამართლოს თქმით, ადვოკატმა თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა და სასამართლოს მუშაობას შეუშალა ხელი. ამ გადაწვეტილებაში ისიც წერია, რომ იგივე ადვოკატი სხვა საქმეებშიც შეინიშნა უპასუხისმგებლობაში.

მეორე საქმე, რომელშიც მამუკა ნოზაძემ უპასუხისმგებლობა გამოავლინა ”კოჭლამაზაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”არის. ამ საქმეშიც მან, პატიმრის ნების საწინააღმდეგოდ, გადაწყვიტა არ შეეწყვიტა საქმის წარმოება. ადვოკატმა მხოლოდ პატიმართან კონფლიქტური შელაპარაკების შემდეგ დააკმაყოფილა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სურვილი. ამ დროისთვის პატიმარი ტუბერკულოზისგან განკურნებული იყო, ხოლო შიდსზე მკურნალობდნენ.

ეს შემთხვევები არ არის პირველი, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ქართველი ადვოკატების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს. ის აქამდეც გამოხატავდა აღშფოთებას ქართველი ადვოკატების არაპროფესიონალიზმის გამო.

 

კომენტარები