„საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ბიძინა ივანიშვილის კოალიცია ქართული ოცნების ლობისტების მიერ გავრცელებულ ბრალდებას, რომ ხელისუფლებამ გაყინა ქართული ოცნების ან მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების საბანკო ანგარიშები. არცერთი პარტიის ანგარიში გაყინული არ არის,“ - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
რამდენიმე დღით ადრე, ქართულმა ოცნებამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობამ კოალიციის ყველა ანგარიში და ახლა უკვე საარჩევნო კამპანიის პროცესში მიღებული შემოწირულობებიც კი გაყინა. „შედეგად, კოალიციას აღარ აქვს ფული, რომ კამპანიის წარმოება შეძლოს, მაგალითად, დაბეჭდოს რეკლამა, საინფორმაციო მასალა ან თუნდაც მანქანით გადაადგილდეს სოფლიდან სოფლამდე,“ - აცხადებს ქართული ოცნება.
კოალიციის ამ განცხადებას საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებიც გამოეხმაურნენ. მათ აღნიშნეს, რომ ქართული ოცნების საბანკო ანგარიშების დაყადაღება და არაპროპორციული ჯარიმები აფერხებს ოპოზიციური კოალიციის მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში.
საქართველოს მთავრობა მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეწყვიტოს ცილისწამების კამპანია და კონცენტრირება მოახდინოს არა არჩევნების შედეგების წინასწარ დისკრედიტაციაზე, არამედ საკუთარ საარჩევნო მიზნებზე.
საქართველოს მთავრობა განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელზეც ქართული ოცნების ლობისტები საუბრობენ, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების წევრებმა დაარღვიეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობა და კოლექტიურად დააჯარიმა ისინი 2,850,717.06 ლარით. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საინკასო დავალების საფუძველზე ჯარიმის მხოლოდ მცირე ნაწილი - 122,000.00 ლარი ამოიღო.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, ჯარიმის სახით ვერც ამ თანხის ამოღება და ვერც პროცედურები, რომლებიც სასამართლოს დავალების შესრულებისთვის არის დადგენილი, ქართული ოცნების მიერ საარჩევნო კამპანიის წარმოებას ვერ შეაფერხებს.
საინკასო დავალება აღსრულების ეროვნულ ბიუროს აძლევს უფლებას, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება ანგარიშების გაყინვის გარეშე ანუ ფულის მოძრაობის ან ანგარიშის სხვაგვარი გამოყენების შეფერხების გარეშე. ამოღებული ჯარიმა კი კოალიციის მიერ წინა თვეში ოფიციალურად შეგროვილი თანხის 17%-ია, ხოლო 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის ივლისამდე, კანონიერად თუ უკანონოდ მიღებული მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 0.3%.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მტკიცებულებებით, კოალიცია ქართულმა ოცნებამ ამ პერიოდში უკანონო შემოწირულობების სახით, 18 მილიონ ლარზე მეტი შეაგროვა. კოალიციის ლიდერებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ისინი არ დაემორჩილებიან კანონს.
საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უზრუნველყოფს ღია და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს, სადაც თითოეულ პოლიტიკურ ძალას ექნება შესაძლებლობა აწარმოოს ასეთივე კამპანია.




