არჩევნები 2012

ივანიშვილი მერაბიშვილთან დებატებს არ თანხმდება

კოალიციის ლიდერი ვარ მე და შესაბამისად, პრემიერობის კანდიდატი, - ამის შესახებ ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ნაციონალური მოძრაობის პრემიერობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს დებატებში ქართული ოცნების პრემიერ მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან.

ივანიშვილი უარზეა. ქართული ოცნების ლიდერის თქმით, მისთვის ყველაზე მისაღები სცენარი ქვეყნის პრეზიდენტთან დებატებში ჩართვაა. მიხეილ სააკაშვილთან ის ქვეყნის პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე საუბარს აპირებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სხვა ცალკეულ წარმომადგენლებთან დებატებში ჩართვა ივანიშვილს არ სურს. კოალიციის ლიდერის თქმით, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე და მოქმედი პრემიერ მინისტრი მისი წონის ფიგურები არ არიან და ამიტომ მათთან დებატი მოსახლეობისთვის საინტერესო არ იქნება.

იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი უარს იტყვის, ივანიშვილის პირობა ასეთია - მასთან პირისპირ დებატებში ხელისუფლების არანაკლებ შვიდი და არაუმეტეს 12 წარმომადგენელი უნდა დაჯდეს.

ნაციონალური მოძრაობის სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა არასერიოზული უწოდა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ დებატებში იწვევს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, ან მთავრობის შემადგენლობას.

დღეს გამართულ ბრიფინგზე თაქთაქიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ივანიშვილი არ გაექცევა გამოწვევას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაუპირისპირდება ნაციონალური მოძრაობის პრემიერ მინისტრობის კანდიდატს.

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი იწვევს წინასაარჩევნო პოლიტიკურ დებატებში ქართული ოცნების პრემიერობის კანდიდატს არა იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან გვსიამოვნებს ბატონ ივანიშვილთან კომუნიკაცია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი თანამოქალაქეების ლეგიტიმურ ინტერესს - პირდაპირ ეთერში, სატელევიზიო დებატების ფორმატში გაიგონ განსხვავებული პოზიციები ორი რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური ძალის პრემიერობის კანდიდატებისგან,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სპიკერმა.

თავის მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადაა სექტემბერში ტელედებატები გამართოს.  „საზოგადოებრივი მაუწყებელი განუხრელად ასრულებს საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. ამ მოთხოვნების საფუძველზე და თავისუფალ, დემოკრატიულ საარჩევნო პროცესში საზოგადოებისათვის ინფორმირებული არჩევანის საშუალების მისაცემად საზოგადოებრივი მაუწყებელი სექტემბერში გეგმავს ტელედებატებს კვალიფიციური სუბიექტების აუცილებელი მონაწილეობით. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მაუწყებელი მიესალმება ამ დებატებში საარჩევნო სიების პირველი ნომრებისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატების მონაწილეობას,“ - ნათქვამია მათ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები