არჩევნები 2012

ივანიშვილი დებატებში მონაწილეობის მისაღებად პირობებს აწესებს

ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დებატებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მისი ოპონენტი საქართველოს პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. მისი თქმით, ივანიშვილი დებატებში მონაწილეობაზე მაშინაც დათანხმდება, თუ დებატები შედგება არა ერთ კონკრეტულ ლიდერთან, არამედ პარლამენტისა და მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტებულ რამდენიმეკაციან ჯგუფთან.

"ნაციონალური მოძრაობის მხოლოდ ერთ წევრთან დებატებში არ დავჯდები, შვიდზე მეტი შეიკრიბონ და მზად ვარ მათთან დებატებისთვის ნებისმიერ საკითხზე“, - განაცხადა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ივანიშვილი სპეციალურ პირობას მათაც უწესებს: „ლეიბორისტები, ახალი მემარჯვენეები და ქრისტიან-დემოკრატები არიან სახელისუფლებო პარტიების წარმომადგენლები, თუ მათ ჩემთან დებატების სურვილი აქვთ, მე თანახმა, ვარ, თუმცა ერთი პირობით - მათ უნდა აღიარონ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელბი არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცრუ ოპოზიციასთან დებატებში დაჯდომას არ ვაპირებ“. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სპიკერმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპონენტებთან პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას პარტიული სიის პირველი ნომერი - დავით ბაქრაძე და პრემიერ მინისტრობის კანდიდატი - ვანო მერაბიშვილი მიიღებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოპონენტებს სატელევიზიო დებატებში იწვევს. ჩვენი მიზანია, გავიმარჯვოთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. სატელევიზიო დებატებს ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის კი ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სპიკერმა.

კომენტარები