ცესკოს განმარტებას - რატომ ვერ მიიღო ქართულმა ოცნებამ ნომერი 7 - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ეხმიანება. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, ცესკო-ს უარს სამართლებრივი საფუძველი აქვს, თუმცა "დეტალებთან დაკავშირებით პრობლემის შექმნა არ იქნება გამართლებული".
ცესკო-ს განმარტებით იმისთვის, რომ საარჩევნო ბლოკმა დაიტოვოს მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი, ბლოკში შემავალ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბლოკის რიგითი ნომერი უნდა განისაზღვროს წილისყრით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 37 დღისა, ანუ 25 აგვისტომდე.
გიგაური ინტერპრესნიუსთან საუბარში აღნიშნავს, რომ კანონის ეს ნორმა ოდნავ ბუნდოვანია და ამიტომ ცესკო-ს შეუძლია ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ქართულ ოცნებას საარჩევნო საქმიანობის უპრობლემოდ განხორციელებაში ხელს შეუწყობს.




