ლონდონის ოლიმპიური თამაშები

გია ნაცვლიშვილი: საინტერესოა, რა საკითხზე ჩივის შუკვანი, ვის უნდა გაუპროტესტოს, რომ 4 წამით ადრე დათმო შეხვედრა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის  გია ნაცვლიშვილისთვის გაუგებარია, რატომ ჩივის საერთაშორისო სასამართლოში ბეთქილ შუკვანი. მისი თქმით, შუკვანს სპორტული საარბიტრაჟო კომიტეტისთვის უნდა მიემართა და არა სასამართლოსთვის. ,,საინტერესოა, რა საკითხზე ჩივის შუკვანი. საინტერესოა, ვის უნდა გაუპროტესტოს, რომ 4 წამით ადრე დათმო შეხვედრა", - განაცხადა გია ნაცვლიშვილმა.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სპორტსმენზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ შუკვანის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით,  სპორტსმენზე ზეწოლის საფუძველი არ არსებობდა და ამას ვერც ვერავინ შეძლებდა: ,,ფიზიკურად ვერ შეძლებდა ვერც ერთი ადამიანი, რომ შემოსულიყო იქ ნასვამი და ვინმეზე რაიმე ზეწოლა განეხორციელებინა, მით უმეტეს, ამის მიზეზი არც არსებობდა. აღსანიშნავია, გია უდესიანი, ვისაც შუკვანი ადანაშაულებს, მისი ნათესავია და ოლიმპიადაზე წაგების შემდეგ სწორედ უდესიანი უთანაგრძნობდა. ოლიმპიური სოფელში შემოსვლისთვის ძალიან ბევრი პროცედურა იყო საჭირო, მაგალითად, აკრედიტაცია, რომელიც წინა დღით უნდა გაგევლო. არ ვიცი, რატომ ამბობს ამ ყველაფერს შუკვანი, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შუკვანის ბრალდებებზე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, შუკვანის განცხადებებს პოლიტიკური სარჩული უდევს: ,,მის წამოსვლას ოლიმპიადაზე უკვე პოლიტიკური მოტივი ჰქონდა. მან ოლიმპიადამდე რამდენიმე დღით ადრე გამართა პოლიტიკური შეხვედრები, რამაც ძალიან იმოქმედა მის გამოსვლაზე’’, - განაცხადა მან.

ქართველი ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი ლონდონში, საერთაშორისო სასამართლოში მსაჯის გადაწყვეტილებასთან ერთად აპირებს გააპროტესტოს ოლიმპიური კომიტეტის სახელისუფლებო გავლენის ქვეშ ყოფნა და ზეწოლა ოპოზიციურად განწყობილ სპორტსმენებზე.

შუკვანის თქმით, სპორტსმენს ხელის თითის ტკივილის გამო ორთაბრძოლის დროს სისხლი წასკდა,  მსაჯმა ბრძოლა არ გააჩერა და თითის გადახვევის საშუალება არ მისცა.  ბეთქილ შუკვანის განცხადებით, მან მსაჯს  სისხლიანი ხელი აჩვენა, რის შემდეგაც მსაჯი ვალდებული იყო, ბრძოლა შეეჩერებინა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და სპორტსმენმა თამაში წააგო.

კომენტარები