არჩევნები 2012

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქდმ თელასის და ენერგო პროს გამოსყიდვას აპირებს

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქდმ თელასსა და ენერგო პროს გამოისყიდის. პოლიტიკოსის თქმით, ამით ისინი შეძლებენ კომუნალური გადასახადების შემცირებას. 

"პირველ ოქტომბერს ათი ნომრის შემოხაზვა ნიშნავს გაზის ტარიფის გაიაფებას, ასევე ჩვენ ჩავდებთ ერთ მილარდ ლარს და გამოვისყიდით თელასისა და ენერგო-პროს აქციებს, რომლებიც მთლიანად გადავლენ ხალხის სამსახურში. ამით შემცირდება კომუნალური გადასახადები", - განაცხადა თარგამაძემ.

თარგამაძემ მომხრეებს ესაუბრა განათლების სფეროსა და სოფლის აღორძინების გეგმის შესახებაც. ლიდერის თქმით, ყველა მასწავლებელს მინიმუმ 900 ლარი ხელფასი უნდა ჰქონდეს. 

მათივე პროგრამის მიხედვით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოძრაობა საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტის დაახლოებით 4 ჯერ გაზრდას გეგმავს - ,,საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საბიუჯეტო დაფინანსება გაოთხმაგდება - გამოიყოფა 100 მილიონი ლარი''.

თარგამაძის განცხადებით, პირველი ოქტმობრის არჩევნები არის ტესტი საზოგადოებისთვის და გამოჩნდება შეძლებს თუ არა ამომრჩეველი ცხვრის ტყავში გამოწყობილ მგლის გარჩევას. 

ვერის ბაღში კალათბურთის სასახლეში ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი პარტიის მომხრეებს შეხვდა. შეხვედრაზე ქდმ-ის თბილისის 8 რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებიც წარადგინა. 

 

კომენტარები