ავტოსაგზაო შემთხვევა

ინდოეთში ავარიას 52 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ინდოეთში, ჩამბას ოლქში მგზავრებით სავსე ავტობუსი ხეობაში 40 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. როგორც Indian Express იუწყება, ავარიის მომენტში ავტობუსში, რომელიც 42 ადგილზე იყო გათვლილი, 100 ადამიანზე მეტი იმყოფებოდა. ტრანსპორტი იმდენად გადაჭედილი იყო, რომ ზოგიერთი მგზავრი ავტობუსის სახურავზე მგზავრობდა. ამის გამო მძღოლმა საჭის კონტროლი დაკარგა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დღეებში ამ მთიან რაიონში ძლიერად წვიმდა.

პოლიციის ცნობით, დაღუპულია 52 ადამიანი, ხოლო 46 დაშავებულია.

ჩამბა ინდოეთის ერთ-ერთი მოშორებული რაიონია, სადაც ტრანსპორტი არცთუ ხშირად დადის, რის გამოც აქაურ მარშრუტებზე მგზავრთა რაოდენობა ყოველთვის დასაშვებზე მეტია. საერთოდ კი, ინდოეთში, ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით ავარიები უფრო ხშირად ხდება. ყოველწლიურად, საგზაო შემთხვევებს იქ 110 ათასზე მეტი ადამიანი ეწირება. ამის მთავარი მიზეზები ცუდი გზები, გადატვირთული და გაუმართავი ტრანსპორტი და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა.

კომენტარები