ფერწერა

შოტლანდიის ფერმაში ნაპოვნი ტილო შესაძლოა და ვინჩის აღმოჩნდეს

როდესაც შოტლანდიელმა ფიონა მაკლარენმა სახლის დალაგების დროს ძველი ტილო იპოვა და მისი გაყიდვა გადაწყვიტა, რომ ცოტაოდენი ფული ეშოვნა, არც უფიქრია, რომ ის შესაძლოა 155 მილიონ დოლარზე მეტი ეღირებოდა.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ნახატი ლეონარდო და ვინჩის ან მის რომელიმე მოსწავლეს ეკუთვნის. ის დაახლოებით 500 წლისაა. მაკლარენის მამას, რომელიც პროფესიით ექიმი იყო, ტილო წლების წინ ერთმა მადლიერმა პაციენტმა აჩუქა. დიდი ხნის განმავლობაში ექიმი ფიქრობდა, რომ ნახატზე ღვთისმშობელი იოანე ნათლისმცემელთან ერთად იყო გამოსახული, თუმცა ფიონას მიაჩნია, რომ ეს მარია მაგდალინელი უნდა იყოს თავის ვაჟთან ერთად.

არის რამდენიმე დეტალი, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ნახატი და ვინჩის სკოლას ეკუთვნის. თუ დამტკიცდა, რომ ნამუშევარი იტალიელ გენიოსს ეკუთვნის, მისი ფასი ასი მილიონი ფუნტი იქნება. ექსპერტები საბოლოო დასკვნას 2013 წელს გამოიტანენ. 

კომენტარები