მარსი

NASA-ს რობოტი მარსზე დაჯდა

აგვისტოს დილით, NASA-ს რობოტი Curiosity მარსზე დაჯდა. 1 ტონიანი თვითმავალი რობოტი მარსზე NASA-მ რვა თვის წინ გაგზავნა. რობოტმა 570 მილიონი კილომეტრი გადალახა, მარსის ატმოსფეროში დაახლოებით 20,000 კმ/სთ სიჩქარით შეიჭრა. მარსის ზედაპირზე დაჯდომა მისიის ყველაზე რთული ნაწილი იყო. მოგზაურობის ბოლო, რამდენიმე წუთიან მონაკვეთს, რომელიც რისკიანი, ავტომატიზებული მანევრებისგან შედგებოდა, შიშის 7-წუთეული უწოდეს. საბოლოოდ რობოტი წარმატებით დაჯდა პლანეტაზე და პირველი სურათებიც გამოაგზავნა. მაღალი გაფართოების, ფერადი სურათების გამოგზავნას რობოტი ორიოდ დღეში დაიწყებს.

Curiosity-მ გეილის კრატერი და მასში მდებარე ამაღლება უნდა გამოიკვლიოს. მთა სიმაღლეში 5 კილომეტრს აღწევს. რობოტი ნელ-ნელა აცოცდება მთაზე და გამოიკვლევს კლდეებსა და ქანებს, რომლებიც რამდენიმე მილიარდი წლის უნდა იყოს. Curiosity ეცდება მათში წყლის კვალს მიაგნოს. მისიის მიზანია შეისწავლოს, არსებობდა თუ არა ოდესმე მარსზე მიკრობული სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო.

Curiosity-ს პროექტი 10 წლის წინ დაიწყო. ის NASA-ს 2.5 მილიარდი დოლარი დაუჯდა. Curiosity NASA-ს მიერ მარსზე გაგზავნილი მეოთხე რობოტია, თუმცა წინამორბედებთან შედარებით ის უფრო მასშტაბური პროექტია და მათზე გაცილებით მრავალფუნქციური და მასიურია. Curiosity პლუტონიუმის ბატარეითაა აღჭურვილი, რაც მას საშუალებას მისცემს წინამორბედებზე მეტხანს გაძლოს. Curiosity-მ სულ მცირე 2 წელი მაინც უნდა იმუშავოს, თუმცა მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ რობოტის მისია 10 წელზე მეტხანსაც გაგრძელდეს.

კომენტარები