აშშ

მიტ რომნი უკანასკნელი დღის კანდიდატი

ამერიკული ტრადიციის მიხედვით, სკოლის მოსწავლეები დროშის წინაშე ფიცს დებენ და „ღმერთის მფარველობის ქვეშ მყოფ განუყოფელ ერს” ერთგულებას ეფიცებიან. ფიცის წარმოთქმისას ათეისტები სიტყვა „ღმერთს” ტოვებენ, შტატებში გავრცელებული 300-ზე მეტი რელიგიის წარმომადგენლები კი საკუთარი სარწმუნოებით ამაყობენ.

ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმად შეკავშირებული სოციალური ჯგუფი მორმონი ქრისტიანებია. მორმონები სხვა რელიგიების მიმართაც განსაკუთრებული ტოლერანტობით გამოირჩევიან. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი მათი რწმენის მიმართ არცთუ დადებითადაა განწყობილი. ჰარვარდის უნივერსიტეტის 2006 წლის კვლევის მიხედვით, ამერიკელებისთვის მისაღები რელიგიების სიაში მორმონიზმი ბოლოდან მესამე ადგილს იკავებს.

მიტ რომნის საპრეზიდენტო კამპანიაზე საუბრისას, თითქმის ყოველთვის გამოყოფენ ერთ „თავისებურებას” – რომნი მორწმუნე მორმონია. რესპუბლიკელი კანდიდატი ამერიკელებს ღვთისმორწმუნე ერად მიიჩნევს და წინასაარჩევნო დევიზიც ამის მიხედვით შეარჩია: “მე ამერიკის მწამს!”.

რესპუბლიკელი პოლიტიკოსებისგან რწმენაზე აპელირება ახალი არ არის, მაგრამ რომნი ამ მხრივ ბევრ თანაპარტიელს ჩამოიტოვებს: „მე იმ ამერიკის მწამს, სადაც მილიონობით ამერიკელს სწამს ამერიკის. ეს ის ამერიკაა, რომლისაც მილიონობით ამერიკელს სწამს და ეს ის ამერიკაა, რომელიც მე მიყვარს”.

ბოლოდროინდელი გამოკითხვების მიხედვით, რელიგია ამერიკელთა უმრავლესობის ცხოვრებაში „ძალიან მნიშვნელოვან” როლს თამაშობს. ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 15% აცხადებს, რომ არცერთ რელიგიურ ჯგუფს არ მიეკუთვნება. ამდენად, რწმენით გაჯერებული გამოსვლები რომნის ამომრჩეველთა გულების მოგებაში ეხმარება.

მორწმუნე ამერიკელთა უმრავლესობა ქრისტიანია, თუმცა შეერთებულ შტატებში რელიგიის თავისუფლებას მნიშვნელოვანი საკანონმდებლო გარანტიები იცავს. ისტორიულად, რელიგიის თავისუფლება ყოველთვის ეფექტურად დაცული არ ყოფილა. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობის ატმოსფერო სუფევდა და

მიტ რომნი მშობლებთან ერთად
ისეთი გავრცელებული მიმდინარეობაც კი, როგორიც კათოლიციზმია, მიუღებელი და მარგინალიზებული იყო.

1928 წელს დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად კათოლიკე ალფრედ სმიტი დაასახელა. ნიუ იორკის გუბერნატორმა და წარმატებულმა პოლიტიკოსმა, კათოლიკობის გამო, დემოკრატი ამომრჩევლისგანაც კი კატასტროფულად ცოტა ხმები მიიღო და არჩევნებში დამარცხდა.

მოგვიანებით, ამერიკელები რელიგიური უმცირესობების მიმართ უფრო ლიბერალურები გახდნენ. ასეთ ცვლილებას ცნობილი ავტორი და სოციოლოგი, რონალდ ინგლჰარტი პოსტმატერიალიზმის თეორიით ხსნის. დასავლურ საზოგადოებებზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად ინგლჰარტმა დაასკვნა, რომ კეთილდღეობის ზრდასთან ერთად თვითგადარჩენაზე ორიენტირებული ღირებულებები იცვლება და ადგილს პიროვნულ ავტონომიას და თვითგამოხატვას უთმობს. მზარდი კეთილდღეობის პირობებში, 1960-იან წლებში, ამერიკის ისტორიაში პირველი კათოლიკე პრეზიდენტი, დემოკრატი ჯონ კენედი აირჩიეს. მას შემდეგ, რელიგიური უმცირესობების პოზიციები თანდათან განმტკიცდა.

დღესდღეობით ამერიკაში მსოფლიოში ყველაზე მეტი რელიგიური მიმდინარეობაა. ზოგი მათგანი მეტი, ზოგი კი ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. ამერიკის მოსახლეობის დაახლოებით 2% კი მორმონია.

ისტორიულად, მორმონები პოლიგამიას მისდევდნენ, რაც ამერიკული საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მიუღებელი იყო. ჯოზეფ სმიტის მიმდევრებს საშინლად ავიწროებდნენ და ამერიკის დატოვებას აიძულებდნენ.

დროთა განმავლობაში, მორმონების „უკანასკნელი დღის წმინდანების ეკლესიამ” დაგმო პოლიგამია და საზოგადოებისთვის მიუღებელი სხვა წესები. მორმონიზმიც უფრო და უფრო მისაღები გახდა. მიუხედავად ამისა, 6 მილიონზე მეტ ამერიკელ მორმონს დღესაც ახსოვს მათი წინაპრების დევნა და შევიწროება. სწორედ დევნის შედეგად აღმოჩნდნენ მიტ რომნის წინაპრები მექსიკაში.

რომნის მამა, ჯორჯი, მექსიკაში, მორმონთა კოლონიაში დაიბადა. მოგვიანებით, მცირეწლოვანი ჯორჯი ამერიკელმა

მიტ რომნი მეუღლესთან ერთად. ქორწინების დღე
მშობლებმა მექსიკურ რევოლუციას განარიდეს და შტატებში დაბრუნდნენ. რომნები იუტის შტატში, სოლტ ლეიკ სიტიში დასახლდნენ.

ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა და უკეთესი მომავლის ძიებაში ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. ახალგაზრდა ჯორჯმა ყველაფერი ნულიდან დაიწყო და საკუთარი „ამერიკული ოცნების” ახდენა დაისახა მიზნად. რამდენჯერმე დაიწყო კოლეჯში სწავლა, თუმცა ვერცერთხელ ვერ დაასრულა. სამუშაოსაც გაჭირვებით, მაგრამ მაინც შოულობდა. ჯორჯის ახალგაზრდობა „მგრგვინავ ოციანებს” დაემთხვა. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ გამოცოცხლებული ეკონომიკისა და მსოფლიოს აღმოჩენის ამერიკული ჟინის წყალობით რომნი მორმონიზმის მისიონერად ბრიტანეთში გაემგზავრა.

“დამპირდი, რომ არასოდეს აკოცებ სხვას”, – ჩამოართვა პირობა შეყვარებულმა ჯორჯმა სილამაზით განთქმულ ლენორ ლაფონტს და რამდენიმე თვით დაემშვიდობა. იმ დროისთვის ლენორი 19 წლის იყო, იუტის უნივერსიტეტში სწავლობდა და გამორჩეული გარეგნობის წყალობით ადგილობრივი ჟურნალების ყდებზეც ჩნდებოდა. მოგვიანებით, ჰოლივუდშიც კი მიიწვიეს.

1931 წელს წყვილი დაქორწინდა და დედაქალაქში გადასახლდა. ჯორჯი „დიდ დეპრესიას” არ შეუშინდა და ბიზნესი წამოიწყო, ლენორი კი თავისი გასაოცარი შარმითა და კომუნიკაბელურობით ქმარს პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებაში ეხმარებოდა. რომნი წარმატებული ბიზნესიდან დიდ პოლიტიკაში აღმოჩნდა.

როდესაც 1947 წელს ურთულესი მშობიარობის შემდეგ ლენორს მეოთხე შვილი – ვილარდ მიტ რომნი გაუჩნდა, ალბათ გაუჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ 65 წლის შემდეგ მისი ვაჟი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რეალური პრეტენდენტი გახდებოდა.

„სასწაულებრივად გადარჩენილი” მიტი მამის კარიერული აღმავლობის ფონზე იზრდებოდა. თავიდან ჯორჯი უდიდეს საავტომობილო კორპორაციულ გაერთიანებას – American Motors Corporation-ს ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით მიჩიგანის გუბერნატორი გახდა.

გუბერნატორობის 6 წლის მანძილზე რომნიმ წარმატებული მენეჯერის უნარ-ჩვევები მიჩიგანის მართვას მოახმარა: შტატი

მიტ რომნი Bain Capital-ში
-მილიონიანი ვალისგან გაათავისუფლა, აამოქმედა სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც 15 000-ზე მეტ სტუდენტს კოლეჯის საფასურის გადახდაში დაეხმარა.

მიტიც, მამის მსგავსად, აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გუბერნატორის ოფისში სტაჟიორად მუშაობდა და მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო მოსწავლე არ ეთქმოდა, სამოხალისეო აქტივობების ორგანიზებით გამოირჩეოდა. გუბერნატორის ვაჟი 10-ზე მეტ სტუდენტურ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული, რის გამოც ხშირად ხდებოდა თანატოლების ხუმრობის ობიექტი.

1968 წელს ჯორჯ რომნიმ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად იყარა კენჭი. მიჩიგანში მიღწეული წარმატების გამო, ის საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. თანაც, მაღალი, ტანადი, ოდნავ გაჭაღარავებული, ოთხი შვილის მამა ჯორჯი ამერიკელების თვალში „პრეზიდენტულად” გამოიყურებოდა – კამპანია იმედისმომცემი იყო.

რომნის უმთავრესი სისუსტე საგარეო პოლიტიკაში გამოუცდელობა, განსაკუთრებით კი, ვიეტნამის ომის შესახებ პრინციპული პოზიციის არარსებობა გამოდგა. თავდაპირველად ის ომს ამართლებდა, შემდეგ კი განაცხადა, არმიის მაღალჩინოსნებისგან „ტვინი მქონდა გამორეცხილი” და რეალურად ვიეტნამის ომს ვეწინააღმდეგებიო.

როცა მიხვდა, რომ ამერიკელი ამომრჩეველი მსგავს არაპრინციპულობას არ აპატიებდა, რომნიმ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, რის შემდეგაც ნიქსონის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა.

უძველეს ჩინურ ანდაზას თუ დავუჯერებთ, „ვეფხვის შვილი ძაღლი ვერ იქნება”. გამოთქმის ამერიკული ანალოგი, „რაც მამა, ის – შვილი”, პოპულარულ კულტურაში ხშირად გვხვდება. ამ თემაზე იღებენ ფილმებს, წერენ წიგნებსა და მუსიკას.

მამა-შვილის თემა ამერიკული პოლიტიკისთვისაც არ არის ახალი. 2000 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი, ალ გორი, სენატორის ვაჟია. ჯონ მაკკეინის მამა ამერიკის საზღვაო ძალების ოთხვარსკვლავიანი ადმირალი და ერთ-ერთი გამორჩეული სამხედრო პირი იყო. ჯორჯ ბუში უფროსი და მისი ვაჟი კი, ერთიანობაში, ქვეყანას 12 წლის განმავლობაში მართავდნენ. მიტ რომნისაც მამისგან ბევრი რამ აქვს ნასწავლი.

უმცროსი რომნი სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა. პარალელურად კი, თანასკოლელ ენ დევაისზე ყურებამდე იყო შეყვარებული. მალე ევროპაში გაემგზავრა მორმონიზმის მისიონერად, დაბრუნებისთანავე ენი ცოლად შეირთო და ბიზნესს მოჰკიდა ხელი.

მუშაობის პარალელურად სწავლასაც აგრძელებდა. ჯერ ინგლისური ლიტერატურის ბაკალავრის წოდება მიიღო, შემდეგ ჰარვარდის უნივერსიტეტის იურისპრუდენციისა და ბიზნესის ადმინისტრირების გაერთიანებული ხარისხი მოიპოვა და მენეჯმენტის ინდუსტრიაში გადაინაცვლა.

1977 წლიდან მუშაობდა საინვესტიციო კომპანიაში Bain & Company. უბადლო მენეჯერული მონაცემების წყალობით მალე პრეზიდენტის პოზიცია დაიკავა და კომპანია ფინანსური კრიზისიდან გამოიყვანა. 7-წლიანი გამოცდილება რომ დააგროვა, კომპანიას გამოეყო და საკუთარი საინვესტიციო ფირმა Bain Capital დააარსა. Bain Capital-ის ზრდამ რომნის ბიზნესელიტის პატივისცემა და 200 მილიონამდე დოლარი მოუტანა.

მის სახელს უკავშირდება 2002 წლის სოლტ ლეიკ სიტის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წარმატებაც – გამოცდილი მენეჯერი საორგანიზაციო კომიტეტს ჩაუდგა სათავეში და ფინანსური სირთულეების წინაშე მყოფი ოლიმპიური თამაშების წარმატებით ჩატარება უზრუნველყო. ბიზნესის პარალელურად, რომნი რესპუბლიკურ პარტიას შეუერთდა. 1994 წელს მასაჩუსეტსის სენატორის პოზიციაზე იყარა კენჭი და გამოცდილ ტედ კენედის დაუპირისპირდა.

ტედ კენედი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმა იყო და მასაჩუსეტსის სენატორის პოზიცია წლების განმავლობაში ეკავა. მიუხედავად იმისა, რომ რომნი კენედისთან დამარცხდა, მასაჩუსეტსში სახელი მაინც გაითქვა და 2002 წელს შტატის გუბერნატორი გახდა. 4 წლის განმავლობაში რომნიმ ხარჯების შემცირების და სწორი საბიუჯეტო პოლიტიკის წყალობით მილიონნახევრიანი საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრა მოახერხა.

მასაჩუსეტსი ლიბერალი შტატია და ისტორიულად, დემოკრატიულ პარტიას უჭერს მხარს. გუბერნატორობის პერიოდში, რომნი მკაცრად კონსერვატორი რეიგანისა და უფროსი ჯორჯ ბუშის მემკვიდრეობისგან დისტანცირებას ცდილობდა, რის გამოც მემარჯვენეები ხშირად აკრიტიკებდნენ.

კონსერვატორების განსაკუთრებული გულისწყრომა რომნიმ მასაჩუსეტსის ჯანდაცვის რეფორმის გამო დაიმსახურა. ახალი კანონი შტატის მოსახლეობაზე საყოველთაო დაზღვევის გავრცელებას ისახავდა მიზნად. მოსახლეობის ნაწილს „ინდივიდუალური მანდატი”, ანუ დაზღვევის ყიდვის კანონით დადგენილი ვალდებულება შეეხო. ვინც ფინანსური პრობლემების გამო დაზღვევის შეძენას ვერ ახერხებდა, შტატის ბიუჯეტიდან იღებდა დახმარებას.

მასაჩუსეტსის მემარცხენე შტატში ჯანდაცვის კანონმდებლობა დიდი პოპულარობით სარგებლობდა და რომნის წისქვილზე ასხამდა წყალს. თუმცა მოგვიანებით, ამ რეფორმამ რომნის საპრეზიდენტო კამპანიაში შეუშალა ხელი. საქმე ისაა, რომ ბარაკ ობამას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მასაჩუსეტსის საკანონმდებლო ცვლილების თითქმის იდენტური ინიციატივაა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ობამას პროგრამა ფედერალურ დონეზე ხორციელდება.

ამერიკის კონსტიტუციის თანახმად, გარკვეული საკითხების, მათ შორის, სადაზღვევო პოლიტიკის რეგულირება ყოველი შტატის ინდივიდუალური კომპეტენციაა. პირველი შტატის მოსახლეობის არჩევანს ემყარება, მეორე კი ორმოცდაათივე შტატს ცენტრალური მთავრობის ინიციატივას ახვევს თავს. ამდენად, ჯანდაცვის რეფორმა შტატის და ფედერალურ დონეზე ორი აბსოლუტურად განსხვავებული ფენომენია.

ფედერალურ დონეზე ეკონომიკურ იძულებას რესპუბლიკელები მკაცრად ეწინააღმდეგებიან. მიტ რომნიც, Obamacare-ის ამოქმედების დღიდან, მუდმივად მის წინააღმდეგ გამოდის.

მიუხედავად ამისა, რესპუბლიკელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი საძულველ Obamacare-ს მასაჩუსეტსის სადაზღვევო რეფორმას ამსგავსებს და მათ შორის პრინციპული სხვაობის დანახვა უბრალოდ არ სურს. საბოლოოდ, რომნის რეიტინგზე ეს უარყოფითად აისახება.

მეორე მხრივ, შიდაპარტიული არჩევნებისგან განსხვავებით, საყოველთაო არჩევნებზე გარკვეული საპროგრამო იდეებით პოლიტიკურ ოპონენტთან მსგავსება კანდიდატის წარმატებას უწყობს ხელს. ამდენად, სოციალური გამოცდილება რომნის, შესაძლოა, ობამათი უკმაყოფილო დემოკრატი და მერყევი ამომრჩევლის გულის მოგებაში დაეხმაროს.

სახელმწიფოს მეთაურის სტატუსის მოსაპოვებლად მიტ რომნი პირველად არ იბრძვის. 2008 წელს შიდაპარტიულ შესარჩევ არჩევნებზე იყარა კენჭი. პრაიმერიზების დროს ზომიერად კონსერვატორ რომნის პოზიციის მკვეთრი ცვლა დასჭირდა: აბორტისა და იმიგრაციის შესახებ არარადიკალური მოსაზრებები მათ წინააღმდეგ ცალსახა პოზიციით ჩაანაცვლა. გადააწყო ეკონომიკური პროგრამაც. მიუხედავად ამისა, რომნიმ რესპუბლიკელი ამომრჩევლის გულის მოგება ვერ შეძლო და სენატორ ჯონ მაკკეინთან დამარცხდა. კომენტატორები მიიჩნევენ, რომ რომნის დამარცხებაში მისმა რელიგიურმა შეხედულებებმაც დიდი როლი ითამაშა.

წლების წინ, როცა რესპუბლიკელი ჯორჯ რომნი მიჩიგანის ლიბერალ შტატს მართავდა, მისი ცენტრისტული პოზიციები არავის უკვირდა. იმ დროისთვის პოლიტიკური პარტიები არ იყო ისეთი იდეოლოგიზირებული, როგორც დღეს.

დღევანდელი რესპუბლიკური პარტია კონსერვატორულ იდეოლოგიას ეფუძნება, მხარს უჭერს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, თავისუფალ ბაზარს და ისტორიული ინსტიტუტების, მათ შორის, ეკლესიის, სიძლიერეს.

დემოკრატიული პარტია პროგრესისტულია, ცდილობს სახელმწიფოს როლის გაზრდას, სოციალური პროგრამების გაძლიერებას და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას.

საგარეო პოლიტიკაში, კონსერვატორები ამერიკას გლობალურ ლიდერად მიიჩნევენ, სამხედრო სიძლიერეს ეყრდნობიან და საფრთხის განეიტრალებას ცდილობენ. პროგრესისტები კი საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩართულობით და გლობალურ მიზნებზე, მაგალითად, გარემოს დაცვაზე აპელირებით ცდილობენ დაპირისპირებულ ქვეყნებთან საერთო ენის პოვნას.

ამ იდეოლოგიების შესაბამისად, დღევანდელი ამერიკული პოლიტიკური სპექტრი მკაცრად პოლარიზებულია. ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი მკვეთრად ლიბერალი ან კონსერვატორია და შუალედური პოზიციის დაკავება პოლიტიკოსის სისუსტედ მიიჩნევა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია საპრეზიდენტო ნომინაციისთვის შიდაპარტიულ არჩევნებზე. კანდიდატმა საკუთარი პარტიის მხარდამჭერებს უნდა დაუმტკიცოს, რომ პარტიული იდეალების ერთგულია და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მათ ბოლომდე დაიცავს. რომნის მასაჩუსეტსში კენჭისყრისას ზომიერი პოზიციები ეკავა, რესპუბლიკურ პრაიმერიზებში კი მკვეთრად მარჯვნივ გადაიხარა. ამ მერყეობის გამო კონსერვატორები მას ბოლომდე არ ენდობიან, თუმცა ობამას წინააღმდეგ სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ.

საყოველთაო არჩევნებზე მერყევი ამომრჩევლის დასარწმუნებლად რომნიმ საკუთარი საპრეზიდენტო პროგრამა კონსერვატორულ – თავისუფლებისა და შესაძლებლობის – იდეალებზე დააფუძნა, სამოქმედო გეგმაში კი სამი მთავარი ასპექტი გამოყო: ეკონომიკის, სამხედრო შესაძლებლობებისა და თითოეული ამერიკელი ოჯახის გაძლიერება.

რესპუბლიკელი კანდიდატი ხშირად აპელირებს ბიზნესის გამოცდილებაზე და აცხადებს, რომ არჩევის შემთხვევაში ეკონომიკას ზედმეტი რეგულაციებისა და გადასახადებისგან გაათავისუფლებს.

რომნი პრეზიდენტ ობამას ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების წინააღმდეგ უპრეცედენტო ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს და მისი შეცდომების გამოსწორების პირობას დებს: „მთავრობა ფედერალურ, შტატის და ადგილობრივ დონეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-ს აკონტროლებს. პრეზიდენტმა ობამამ ცენტრალური მთავრობის ხარჯები მშპ-ის 20%-დან 25%-მდე გაზარდა. სწორედ ასეთი ნაბიჯებით ჩვენ ვწყვეტთ, ვიყოთ თავისუფალი ეკონომიკა და სამთავრობო ეკონომიკა ვხდებით, რაც აუცილებლად უნდა შევაჩეროთ”.

რომნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ამერიკის სამხედრო სიძლიერე და ჩინეთის, ირანისა და სხვა მტრულად განწყობილი ქვეყნებისგან მომდინარე საფრთხის განეიტრალებაა. ტერორიზმის და სხვა გამოწვევების მიუხედავად, რომნი ნომერ პირველ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ მაინც რუსეთს მიიჩნევს და მკაცრად აკრიტიკებს ობამას „გადატვირთვის” პოლიტიკას.

1984 წლის არჩევნების შემდეგ კანდიდატების იდეოლოგიურ პლატფორმებს შორის ამხელა განსხვავება არ ყოფილა. შესაბამისად, წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ყველა დიდი ინტერესით მოელის.

ნოემბრის არჩევნები სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს: გამარჯვების შემთხვევაში მიტ რომნი პირველი მორმონი პრეზიდენტი გახდება. უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებს თუ გავითვალისწინებთ, ამერიკელები „პირველებისთვის” შანსის მიცემას არ ერიდებიან – ამერიკის შეერთებული შტატები ხომ თავისუფლების იდეალებზე დაფუძნებული სახელმწიფოა, „თავისუფალი ხალხის მიწა”, სადაც აღარავის უკვირს, რომ წარსულში დევნილი ჯგუფების წარმომადგენლები ქვეყნის ლიდერები ხდებიან. ბარაკ ობამა ამერიკის ისტორიაში პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტია, ხოლო მიტ რომნის რეალური შანსი აქვს, პირველი მორმონი პრეზიდენტი გახდეს.

რომნის სჯერა ამერიკის. სჯერა თუ არა ამერიკას მისი, ნოემბერში გავიგებთ.

 

კომენტარები