ბუნებრივი სტიქია

სტიქიით დაზარალებულები სასურსათო და ფინანსურ კომპენსაციებს მიიღებენ

სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან როგორც სასურსათო, ასევე ფინანსურ კომპენსაციებს მიიღებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, დაზარალებული მოსახლეობა პირველ მეორე და მესამე კატეგორიად დაიყოფა. სამივე კატეგორია მიიღებს სასურსათო დახმარების პაკეტს და ზიანის კატეგორიების მიხედვით, ყველა ოჯახი მიიღებს ფულად კომპენსაციას.

აღნიშნულ სხდომაზე აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება განიხილავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კრედიტების რესტრუქტურიზაციის საკითხსაც.

ამ დროისათვის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების რეზერვისტები და საინჟინრო ბატალიონი სტიქიის ზონაში, თელავში გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ.

თელავში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაციისა და აღმოფხვრის პროცესში თავდაცვის სამინისტრო გუშინ ჩაერთო და მთელი დღის განმავლობაში აღდგენით სამუშაოებს აწარმოებდა. კახეთის რეგიონში 1300 რეზერვისტი, საინჟინრო ბატალიონი და 30-ზე მეტი ერთეული ტექნიკა მუშაობს.

სტიქიის გამო გუშინ თელავში მთავრობის სხდომა გაიმართა. პრეზიდენტის ინიციატივით, გუშინვე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა.

 

კომენტარები