ივანიშვილი პოლიტიკაში

ქართული ოცნება NDI-ის კვლევას არ ენდობა და გამარჯვებაში დარწმუნებულია

კოალიცია ქართული ოცნების წევრები NDI-ის მიერ გამოქვეყნებული ივნისის თვის კვლევის შედეგებს არ ენდობიან. მათი თქმით, იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობაში კოალიციის რეიტინგი გაზრდილია, ისინი კვლევას არაობიექტურად მიიჩვევენ.

ქართული ოცნების წევრმა, სამგორის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ ტაბულასთან საუბარში განაცხადა, რომ NDI-ის კვლევების მიმართ მათ არ აქვთ ნდობის ფაქტორი, რადგან ისინი რეალობას არ ასახავენ. მისივე თქმით, ქართული ოცნების წევრები ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მაღალ შედეგს ელოდებიან.

კოალიციის კიდევ ერთმა წევრმა, სოზარ სუბარმა ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში სამი სხვადასხვა კვლევა გამოქვეყნდა, რომელთა შედეგებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, ამიტომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს აზრი არ აქვს. მისი თქმით, ქართული ოცნება არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს, რის შედეგადაც საქართველო სამართლიან ქვეყანად იქცევა.

”ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში კანონის უზენასეობა ყველა მოქალაქესთვის იქნება და ამ მხრივ დიფერენციაცია არ იარსებებს. ახლა საზოგადოების დიდი ნაწილი უკანონოდაა დაჩაგრული, ხოლო ადამიანების ნაწილი კანონზე მაღლაა და მათთვის არ მოქმედებს არაფერი”. - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში არსებული სიმდიდრე მოქალაქეებზე თანაბრად გადანაწილდება, რათა ყველას ჰქონდეს ღირსეულად ცხოვრების საშუალება. სოზარ სუბარის განცხადებით, მთავარი აქცენტი დასაქმებაზე, სამუშაო ადგილებსა და ქვეყნის განვითარებაზე გაკეთდება.

კომენტარები