ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი: ბიძინა ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს, არ ვიცნობ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა ,,პოლიტმეტრს’’ ინტერვიუ მისცა.

ძირითადი კითხვები ეხებოდა კოალიცია ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრის სამომავლო ამბიციებსა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს.

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის არ იცნობს ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს.

,,მე ბატონ ბიძინაზე ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მე მას როგორც პოლიტიკოსს არ ვიცნობ. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ, როგორც ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას. უფრო მეტს გეტყვით, მე ძალიან ხშირად ვხვდებოდი მას და ვეხმარებოდი იმ საქმიანობაში, რომელსაც ის ახორციელებოდა, ვეხმარებოდი, რომ თავისი ქველმოქმედება უფრო ეფექტურად განეხორციელებინა.’’-განაცხადა ვანო მერაბიშილმა.

მისი თქმით, მას პოლიტიკურად იმ ადამიანების შეფასება შეუძლია, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გვერდით არიან.

,,მე ამ ადამიანებს ძალიან კარგად ვიცნობ -გვარებს არ ჩამოვთვლი. მათზე ჩამოყალიბებული ჩემი პოზიცია და საქართველოს მოსახლეობის პოზიცია, მე მგონი ერთმანეთს ემთხვევა.‘’-აღნიშნა ვანო მერაბიშილმა.  

კითხვას, ეცდება თუ არა ის პრემიერ-მინისტრად დარჩენას 2012 წლის არჩევნების შემდეგ და აქვს თუ არა ამბიცია იყოს პირველი პირი, ვანო მერაბიშვილმა უპასუხა, რომ ,,ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული’’.

,,საქართველოს პრეზიდენტმა მე დამავალა გამეკეთებინა მთავრობის მოქმედების ოთხწლიანი გეგმა, ეს გეგმა შედგენილია და ჩვენ უკვე დავიწყეთ მისი განხორციელება. რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება არის ქართველ ხალხზე.’’-აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს, პრემიერ მინისტრის თქმით, ის მზად არის ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი და პასუხისმგებლობას იღებს მისი მინისტრობის დრო მომხდარ ყველა იმ ფაქტზე, რომელმაც მოქალაქეთა უფლებები შელახა.

,,სამწუხაროდ, ეს არ იყო მხოლოდ ერთადერთი ფაქტი, რომელიც არ მეტყველებდა ჩვენს სამინისტროზე დადებითად და სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწია ძალიან ბევრი ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ასეთი ფაქტები იყო უამრავი, თუმცა სწორედ ამ გამოცდების ჩაბარების შემდეგ, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ საქართელოს პოლიცია ერთ–ერთი ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს მოქალაქეები თავს გრძნობენ ყველაზე უფრო დაცულად.’’-განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. 

კომენტარები