მხატვრობა

მამია მალაზონია

პირველ პირში მოყოლილი ამბები

„ვეფხისტყაოსანი”

„ვეფხისტყაოსანი”
მის სამუშაო ოთახში სრული წესრიგია. ვერაფერს ნახავთ ზედმეტს და ქაოტურად მიფანტულს. ფუნჯები ერთადაა თავმოყრილი, თაროზე ჩამწკრივებული წიგნები და საღებავის ქილები ერთმანეთის მიყოლებით, მიჯრითაა მიწყობილი. მამია მალაზონია დინჯი და სიტყვაძუნწია. ერთი შეხედვით, სამხედრო გენერალსაც კი მოგაგონებთ. „სიმართლე გითხრათ, რომ დავიბადე, მგონი, იქიდანვე ვხატავ, – დაიწყო საუბარი და სახელოსნოში შეგვიძღვა, – მამაჩემი და ჩემი უფროსი ძმაც ამ საქმით იყვნენ დაკავებულები და ამიტომ, ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა. მეგონა, ყველა ასე უნდა ყოფილიყო და ვინც არ ხატავდა, იმათი მიკვირდა. მერე ჩავაბარე აკადემიაში, ჯერ გრაფიკაზე და შემდეგ ჩემი მეგობრის, კოკა იგნატოვის დაჟინებული თხოვნით, თეატრალურ განყოფილებაზე გადავედი...”

ასე დაიწყო მამია მალაზონიას „თეატრალური ტყვეობის” 21-წლიანი პერიოდი. ამ დროის განმავლობაში მუშაობდა მარჯანიშვილის, რუსთაველის, ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრებში; მისი სცენოგრაფიით დაიდგა 90-მდე სპექტაკლი. ქმნიდა ანიმაციებს და მუშაობდა მხატვრად კინოში: „სპექტაკლი მოკვდავია და, შესაბამისად, მხატვრის

„ძველ მოტივიდან” (ღვინობისთვე)
ნამუშევრებიც დადგმის სცენიდან მოხსნისთანავე ქრება. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. თეატრი ისე გითრევს, შეიძლება მთლიანად ჩაგიყოლიოს, ამიტომ, მიზნად დავისახე მისგან თავის დაღწევა და როგორღაც მოვახერხე”. მამია მალაზონიამ თეატრი 1983 წელს დატოვა და თავი ფერწერასა და გრაფიკას მიუძღვნა. მას შემდეგ დაიწყო და გრძელდება მხატვრის შემოქმედებაში ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი, რომელიც თავად ავტორსაც და კრიტიკოსებსაც, მისი მოღვაწეობის ყველაზე საინტერესო ეტაპად მიაჩნიათ.

მამია მალაზონიას შემოქმედებითი სამყარო თემატურად მრავალფეროვანია. მასთან შეხვდებით ვნებებით შეპყრობილ ახალგაზრდა ვერთერსა თუ ხონელ კვაჭი კვაჭანტირაძეს, გილგამეშისა და არსენა მარაბდელის ეპოსებს. თითო ნახატზე ერთდროულად ვითარდება რამდენიმე ამბავი, ყველა ერთად კი ერთ მსხვილ პანორამას ქმნის. აქ იშვიათად შეხვდებით მსხვილ ხედებს. მისთვის მთავარი არა კონკრეტული ეპიზოდი, დეტალი, არამედ სრული ისტორიაა.

წლებია, რაც წიგნებზე მუშაობს: ხატავს და ასურათებს უამრავ გამოცემას. იქნება ეს „კონკია”, „სამი წითელქუდა”, ვაჟა-ფშაველა, სულხან-საბა ორბელიანი, ჰენრიკ იბსენი თუ ბერტოლდ ბრეხტი... მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ლირიკულ მოტივებს, ვაჟას პოემებსა და ხალხურ ლექსებს. აპოლინერის კალიგრამები, ერთი შეხედვით, ტურინის

„ვეფხისტყაოსანი”
სუდარის ფერებმიცემულ ნეგატივს წააგავს, დავით მეფის ფსალმუნები კი გასაშიფრ ტექსტს მოგაგონებთ, რადგან უამრავი სიმბოლო და ნიშანი ირევა ერთმანეთში.

მამია მალაზონიას საკუთარ შემოქმედებაზე საუბარი კატეგორიულად არ უყვარს. თუმცა, როდესაც ლაპარაკი ჩამოვარდა ნამუშევრების ციკლზე „ძველ მოტივიდან”, რომელიც მისი ბავშვობისა და ახალგაზრდობის მოგონებების გრაფიკული კრებულია, მხატვარი მოულოდნელად ენაწყლიანი გახდა და გულიანი სიცილით დაიწყო ნახატებზე დატრიალებული ისტორიების მოყოლა. ამ ამბების ნაწილი მის მშობლიურ ოზურგეთში ვითარდება, ნაწილი კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გატარებული დროის მოგონებებს უკავშირდება: „ესაა დუშეთი, პრაქტიკაზე ვიყავით სტუდენტები... ეს კიდევ სკოლა, სამსართულიანი, ამის წინ სულ რაღაცას ვთამაშობდით... ბაზალეთის ტბა, ასეთი იყო მაშინ. ეს იქაური ვალოდიაა,

მამია მალაზონია
ნავებს რომ აქირავებდა... ამ სახლზე კიბე იმიტომ დგას, რომ მაიმუნობა მოვაწყვეთ მაშინ ბიჭებმა, ვითომ მთვარეული დადიოდა მიდამოებში და ამ კიბით ამოვიდა, გავაქციეთ ხალხი...”

დროს თუ იხელთებ და რუსთაველის ილუსტრაციებზეც ჰკითხავ რამეს, „ვეფხისტყაოსნის” ამბებსაც ისე შინაურულად მოგიყვება, თითქოს ბავშვობაში გამოვლილ თავგადასავლებს იგონებდეს. ანდა, გულანშაროსა თუ ქაჯეთის ციხეში დატრიალებულ საქმეებში თავადაც ყოფილიყოს გარეული და ყველაფერი საკუთარი თვალით ენახოს: ზღვის ნაპირი, იალქნიანი ნავები, გზად წამოსხმული ტყვეები, მშვილდოსანთა ჯარი, მედროშეები, ვაჭრები და აქლემების ქარავანი... მხატვარი ხან კეთილად დასცინის თავის პერსონაჟებს და ხანაც გულწრფელად ეცოდება ისინი. და ალბათ სწორედ ეს დამოკიდებულებაა ის, რაც მის ნაშრომებს ასე უშუალოს ხდის.

მის მიერ ნახატებში გადმოცემული სრულიად ყოფითი ამბავიც ხომ ზღაპარს ჰგავს, რაზეც საოცრად თბილი ფერთა გამით გიყვება. ამიტომ, ამ მხატვრის შემოქმედებას ერთხელ მაინც თუ შეავლებთ თვალს, ალბათ დიდხანს გაგყვებათ

„ძველ მოტივიდან” (ღვინობისთვე)
სიმყუდროვის შეგრძნება.

მამია მალაზონიას ნამუშევრების ნახვა ამჟამად შეგიძლიათ თიბისი არტ გალერეაში, რომლის საგამოფენო დარბაზშიც მხატვრის მიერ ბოლო ოცი წლის განმავლობაში შექმნილი ნახატებია გამოფენილი. გამოფენა 19 აგვისტომდე გასტანს და ყველა იმ მნახველს ელის, ვისაც გული მიუწევს საზღაპრეთში – პირველ პირში მოყოლილი საუცხოო, ძველისძველი ამბების მოსასმენად.

კომენტარები