ქართული ოცნება

სასამართლომ ბურჯი და მენეჯმენტ სერვისი უკანონო შემოწირულობებისთვის დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის(კონტროლის პალატის) სარჩელები დააკმაყოფილა და კომპანიები ბურჯი და მენეჯმენტს სერვისი დააჯარიმა.

შპს ბურჯს ჯარიმის სახით 8 მილიონ 644 ათას 640 ლარის გადახდა დაეკისრა, კოალიცია ქართული ოცნებისათვის უკანონო შემოწირულობის განხორციელებისთვის. აუდიტის სამსახურის მტკიცებით, კომპანიამ მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანები პოლიტიკურ პარტიას გადასცა.

ბურჯის ადვოკატის მერაბ ბარბაქაძის განცხადებით, კომპანიას ქართული ოცნებისთვის მოსმახურება უსასყიდლოდ არ გაუწევია და ამაში კოალიციისგან „საკმაოდ სოლიდური“ ანაზღაურება მიიღო. თუმცა, მისი თქმით, სასამართლომ კომპანიის არგუმენტები არ გაიზიარა. ადვოკატი ასევე არაადეკვატურს უწოდებს ჯარიმის ოდენობას, ვინაიდან, მისი განცხადებთ, სასამართლომ კომპანიას არა მოსმსახურების ღირებულების, არამედ გაქირავებული ავტომანქანების ღირებულების ათმაგი ოდენობა დააკისრა.

ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანიები მენეჯმენტ სერვისი და ბურჯი ერთობლივად კიდევ 2 მილიონ 373 ათას 475 ლარით დააჯარიმა - ქართული ოცნების სასარგებლოდ სარემონტო სამუშაოების განხორციელებისთვის, რაც ასევე უკანონო შემოწირულობად მიიჩნია.

როგორც შპს ბურჯის ადვოკატმა ალა კახნიაურმა განაცხადა, ბურჯი ქართული ოცნების ოფისებში სარემონტო სამუშაოებს შპს მენეჯმენტ სერვისის დაკვეთით აწარმოებდა, იღებდა მისგან ანაზღაურებას და უშუალო შეხება არ ჰქონია პოლიტიკურ ორგანიზაციასთან.

მხარეებს, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება 48 საათის ვადაში აქვთ, ჯარიმა კი 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

 

კომენტარები