წმინდა სინოდი

გიორგი ვაშაძე: წმინდა სინოდმა ცალსახად განაცხადა, რომ ID ბარათი არ არის არაქრისტიანული

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ წმინდა სინოდის სხდომის შედეგად გამოტანილი განჩინების კომენტირებისას აღნიშნა, რომ სინოდის ოქმში ცალსახად ითქვა, რომ ID ბარათი არ არის არაქრისტიანული.

მისი თქმით, ID ბარათი არის ჩვეულებრივი დოკუმენტი, რომლის აღებაც ყველას შეუძლია. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ისინი, ვისაც ძველი პირადობის მოწმობები აქვთ, არ არიან ვალდებულებულნი ID ბარათები აიღონ.

გიორგი ვაშაძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ იგი წმინდა სინოდის თხოვნას, ID ბარათების გარდა პირადობის დამადასტურებელი ალტერნატიული საშუალება იქნას დაშვებული, არ იცნობს.

წმინდა სინოდის ოქმში ნათქვამია, რომ სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. თუმცა, სინოდის განჩინებით, რადგან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, სთხოვენ საქართველოს მთავრობას, თუ შესაძლებელია, დაუშვან ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები.

 

კომენტარები