ივანიშვილი პოლიტიკაში

მარტენსი: ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ საქართველოში დემოკრატიის გადარჩენა მხოლოდ ივანიშვილს შეუძლია

ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე, ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვილფრიდ მარტენსი საქართველოს შესახებ ფრანგულ გამოცემა Le Monde-ში სტატიას აქვეყნებს. მარტენსი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ, ხელისუფლებისა და კოალიცია ქართული ოცნების შესახებ წერს.

სტატიაში ნათქვამია, რომ მიზანმიმართული ტყუილები, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია და ცრუ ბრალდებები ის საკითხებია, რომლებიც ხშირად გამოიყენება 2003 წლის "ვარდების რევოლუციის” ლიდერის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

”ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მოსკოვთან შეთანხმებით ცდილობს ფსონი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე დადოს. მას ამაში ხელს არაფერი უშლის. "ფორბსის" შეფასებით, მისი ქონება 6,4 მილიარდი ევროა. შედარებისთვის, საქართველოს ბიუჯეტი, მხოლოდ 4,7 მილიარდ ევროს შეადგენს. ჩნდება პრობლემა, როგორც კი მსგავსი რესურსები ნაკლებადლეგიტიმური ქმედებებისკენ არის მიმართული". - აღნიშნავს მარტენსი.

ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე დასძენს, რომ ლობისტებისა და კომუნიკატორების მთელი არმია ცდილობს, დაარწმუნოს მსოფლიო, რომ ახალგაზრდა ქართული დემოკრატია მოჩვენებითია და მისი გადარჩენა მხოლოდ ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია.

”საარჩევნო ხმების ყიდვა, საჯარო მოხელეებისთვის შეთავაზებული ასჯერ მეტი ხელფასი, რათა დატოვონ სამთავრობო ადმინისტრაცია, ათეულობით ათასი სატელიტური ანტენა, პოლიტიკური პარტიის მიერ დარიგებული მაცივრები და ტელევიზორები, პარალელური საარჩევნო სადამკვირვებლო სტრუქტურები დაფინანსებული იმავე პარტიის მიერ - ეს ის რეალობაა, რომელიც "ქართულ ოცნებას", ბიძინა ივანიშვილის პარტიას აღწერს”. - ნათქვამია სტატიაში.

მარტენსი აღნიშნავს, რომ იგი საქართველოში 2008 წლის შემდეგ რამდენჯერმე იმყოფებოდა. მისი თქმით, პროგრესი, რომელიც ხელისუფლების მუშაობას მოჰყვა, შთამბეჭდავია პოლიტიკის, ეკონომიკის, ინტელექტის თუ ხელოვნების სფეროში.

ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე ევროპის პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, გაუმკლავდნენ ფულის ნაკადს, რომელიც დესტაბილიზაციისთვის არის განკუთვნილი. მისი თქმით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის და ამისათვის ის ყველაფერს აკეთებს.

”მე ამაყი ვარ, რომ პოლიტიკური ოჯახი, რომელსაც წარმოვადგენ, ევროპული სახალხო პარტია, თავის რიგებში პრეზიდენტ სააკაშვილს ითვლის. ამაყი ვარ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ქართველი ხალხის გვერდითაა რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს გვერდით დგომა არ უნდა გაიყიდოს. მე ვიცი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ნდობა შეიძლება, საქართველოში დემოკრატიის განსამტკიცებლად", - აღნიშნავს ვილფრიდ მარტენსი.

 მოგვიანებით ამ სტატიის შესახებ კომენტარი გააკეთა ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა და თქვა, რომ ის ”საქართველოშია დაწერილი”.

კომენტარები