ინტოქსიკაცია

ლილოს დასახლებაში ქლორის გაჟონვის შედეგად 73 ადამიანი მოიწამლა

გუშინ ღამით, ლილოს დასახლებაში ერთ-ერთი საწარმოდან ქლორის გაჟონვის შედეგად 73 ადამიანი მოიწამლა. ინცინდენტის შედეგად დაზარალებულები თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ერთ-ერთი დაშავებული 18 წლის ლაშა ნარიმანიძე, რომელსაც ასთმა აწუხებდა, მოწამვლის შედეგად კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. მის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ექიმების თქმით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება და ისინი დღის ბოლომდე დატოვებენ საავადმყოფოებს. დაშავებულები გუშინვე მოინახულა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

ქლორის ავზი ტერიტორიიდან უსაფრთხო, დაუსახლებელ ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გუშინ ღამით გადაიტანა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის განცხადებით ადგილზე ჩატარებული ტესტებით დადასტურდა, რომ დასახლების ტერიტორიაზე დაბინძურებული ჰაერი საფრთხეს აღარ შეიცავს.

,,ჰაერის მდგომარეობა მომხდარიდან ერთ საათში უკვე ნორმალური იყო. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.’’-განაცხადა თემურ გიორგაძემ.

პოლიცია ამ დრომდე კითხავს ქლორის ავზის მეპატრონე კომპანიის ხელმძღვანელს ლევან დათუაშვილს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით, რაც სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები