რელიგიური უმცირესობები

რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები მთავრობას და მედიას

სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ დღეს სასტუმრო მარიოტში სახელმწიფო სტრუქტურებისა და მედიისადმი საკუთარი რეკომენდაციები წარადგინა. სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის თქმით, რეკომენდაციები რელიგიურმა გაერთიანებებმა ექსპერტებთან ერთად შეიმუშავეს.

News.ge-ს ცნობით, საბჭო პარლამენტს მიმართავს, საგადასახადო კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილება, რომელიც კონფესიებს შორის თანასწორობას უზრუნველყოფს. რეკომენდაციის მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყველა რელიგიის წარმომადგენელ პატიმარს უნდა ჰქონდეს საკუთარი რელიგიური წეს-ჩვეულებების აღსრულების უფლება.

რელიგიათა საბჭო განათლების სამინისტროს ინტერკულტურული განათლებისა და მრავალფეროვნებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბების თხოვნით მიმართა.

კულტურის სამინისტროსგან საბჭო სადავო ტაძრებისა და საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების სათანადო მოვლა-პატრონობისა და მათი ისტორიული მემკვიდრისთვის დაბრუნების კონკრეტული სამოქმედო გეგმის წარდგენას ითხოვს. ამასთან, რეკომენდაციაში ინტერიერისა და ექსტერიერის შენარჩუნება იგულისხმება.

რელიგიათა საბჭო მედიასაშუალებებს საქართველოში მოქმედ რელიგიურ გაერთიანებებთან კონსტრუქციული და პოზიტიური ურთიერთობის დამყარებას სთავაზობს.

საბჭოში 21 რელიგიური გაერთიანება შედის და რეკომენდაციების მომზადებაში ყველა მათგანი იღებდა მონაწილეობას.

კომენტარები