ქართული ოცნება

კონტროლის პალატამ საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნება და კოალიციაში შემავალი პარტიები სამართალდამრღვევად ცნო

კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი ექვსი პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნება პარტიების შესახებ კანონის დამრღვევად ცნო. თუ სასამართლო კონტროლის პალატის ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს, მათ 2 859 684 ლარის გადახდა მოუწევთ, ან ანგარიშებს დაუყადაღებენ.

როგორც კონტროლის პალატის განცხადებაშია ნათქვამი, შპს მენეჯმენტ სერვისმა საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476 614,51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია ქართული ოცნების საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები - საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნება, კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიები – რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო, კონსერვატიული პარტია და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.

ამ საქმესთან დაკავშირებით დააჯარიმეს მენეჯმენტ სერვისი, რომელსაც თავდაპირველად 4.76 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა, თუმცა მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ოდენობა 2.38 მლნ ლარამდე გაუნახევრდა.

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ შემოწირულების მიღებით ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, პარტია ვალდებულია, თანხა 5 დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, პარტიას კი დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა. რადგან საქართველოს კონტროლის პალატის მიზანია, დარღვევების პრევენცია და არა სანქციების გამოყენება, უკანონო შემოწირულობის მიმღებ პოლიტიკურ პარტიებს წერილობით მიეცათ წინადადება პროპორციულობის პრინციპის დაცვით, უკანონო შემოწირულობა შემომწირველისთვის დაებრუნებინათ. თუმცა, ზემოთ აღნიშნულმა პოლიტიკურმა პარტიებმა უარი განაცხადეს ორგანული კანონის და სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე", - ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.

ორგანული კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატამ ყველა ზემოთ აღნიშნული პოლიტიკური პარტია სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა. სასამართლოს მიერ კონტროლის პალატის გადაწყვეტილების დადასტურების შემთხვევაში პარტიებს, რომლებსაც კონტროლის პალატა კანონის დარღვევაში ადანაშაულებს, ბიუჯეტში 476 614 ლარის გადარიცხვა, ხოლო ჯარიმის სახით დამატებით ამ თანხის ხუთმაგი ოდენობის – 2 383 070 ლარის გადახდა დაეკისრებათ ან მათ ანგარიშებს დააყადაღებენ.

კომენტარები