რელიგია

დევიდ ლინჩის ფონდი: საპატრიარქომ არასწორად გაიგო

გუშინ საქართველოს საპატრიარქომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც დევიდ ლინჩის საერთაშორისო ფონდისა და მაჰარიშის ტრანსცენდენტული ცენტრის მიერ, მაჩაბლის ქუჩაზე მოწყობილი ღია კარის დღე, ტოტალიტარული სექტის მიერ, მართლმადიდებელი ეკლესიის საწინააღმდეგო ღონისძიებად წარმოადგინა. 

განცხადებაში ნათქვამია: “აღნიშნული ცენტრი და ფონდი წარმოადგენს ერთ-ერთ ტოტალიტარულ სექტას. ქუჩაში მოწოდებული ერთი შეხედვით გაურკვეველი წარმოშობის ფურცლებისა თუ ბროშურების უკან, როგორც წესი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მოწინააღმდეგე რომელიმე სექტა დგას”

ტაბულას „დევიდ ლინჩის საერთაშორისო ფონდ - საქართველო“-ში ცენტრის მასწავლებელმა, ოლგა გრიბანმა განუცხადა, რომ - „საპატრიარქოს ამგვარი განცხადება ჩვენი საქმიანობის არასწორად გაგების შედეგია, ჩვენ უარვყოფთ კავშირს რელიგიასთან ან რაიმე სახის წინააღმდეგობას მართლმადიდებელ ეკლესიასთან“.

ცენტრში სულ სამი მასწავლებელი მუშაობს, ის დაახლოებით ერთი თვის წინ გაიხსნა და მაჰარაშის ტრანსცენდენტული მედიტაციის თეორიისა და პრაქტიკის სწავლებით არის დაკავებული.

ფონდი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც რეჟისორმა და ტრანსცენდეტული მედიტაციის პრაქტიკოსმა, დევიდ ლინჩმა 2005 წელს დაარსა. ოფიციალურ საიტზე განმარტებულია, რომ ფონდი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც შეიქმნა „სამეცნიერო საფუძვლის მქონე სტრესის შემცირების მოდალობების ფინანსირებისთვის“. ფონდი ვეტერანებზე, უსახლკაროებზე, პატიმარ მამაკაცებზე და სხვა რისკ ჯგუფებისთვის ტრანსცენდენტული მედიტაციით სტრესის მოხსნაზეა ორიენტირებული.

ტრანსცენდენტული მედიტაცია, რომელიც მაჰარიში მაჰარეშ იოგამ 1955 წელს შემოიღო მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აღნიშნული პრაქტიკა მსოფლიოს 10-მდე მილიონი ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილია. ის დღეში 10-15 წუთის მანძილზე ხმის გამოცემით მედიტაციას გულისხმობს. სახელწოდების მიუხედავად, ამ პრაქტიკით დაკავება ხშირად არ გულისხმობს პრაქტიკოსის მხრიდან რაიმე სახის რელიგიური ქმედების აღსრულებას და თვითგაჯანსაღებისკენ არის მიმართული. მისი სამეცნიერო საფუძვლები ასევე სადაოა.

 

კომენტარები