საქართველო-აშშ

ჰილარი კლინტონი: ბათუმი მინი ლას-ვეგასი ხდება

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 12 ივნისს ვაშინგტონში ბრუკინგსის ინსტიტუტში ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს შეხვდა. ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ბათუმი შავ ზღვაზე მინი ლას–ვეგასის სახელს იმკვიდრებს. მისი თქმით, ზღვისპირა ქალაქში უამრავი სასტუმრო და კაზინოა.

ჰილარი კლინტონის თქმით, ბათუმში ყოფნისას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა მასთან საუბარში აღნიშნა, რომ ქალაქში უამრავი ტურისტი ჩადის მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ისრაელიდან.

"ტურისტებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე სახელმწიფო მოხელემ მითხრა რომ, თუ გვიან ღამით წახვალთ დისკოთეკაზე, იქ მხოლოდ ირანელები და ისრაელელები იქნებიან დარჩენილი. ამ ამბის მოსმენიდან ცოტა ხანში, ბათუმში საჯარო მომსახურების შენობაში შევედი, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ერთ–ერთი ყველაზე კრეატიული და შთამბეჭდავი წარმატებაა... ნამდვილად, ეს არის ყველაფერი ერთ ჭერქვეშ. შედიხარ ერთ საჯარო დაწესებულებაში, სადაც შეგიძლია მიიღო ქორწინების მოწმობა, მუშაობის ლიცენზია, პასპორტი. ეს შესანიშნავია. ვათვალიერებდი და მაჩვენეს თანამედროვე ტექნოლოგიური სასწაული. შემდეგ შევედი სავიზო განყოფილებაში და სამი მამაკაცი გამოიქცა ჩემკენ და მითხრეს, ”ჩვენ გვიყვარხართ, გვიყვარხართ. ჩვენ ირანიდან ვართ”. მე კი ვუთხარი, ”ჩვენ ვცდილობთ თქვენთან ურთიერთობები დავარეგულიროთ.“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

ვაშინგტონში ბრუკინგსის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო მდივანმა აგრეთვე, აღნიშნა, რომ ირანის ხალხსა და ხელმძღვანელობას შორის „გათიშულობაა“.

„უამრავი რამ ხდება ირანის შიგნით და ამიტომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი კვლავ რჩება ზეწოლის განხორციელება, სანქციების დაკისრება და მსოფლიოს გაერთიანება ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ.“ – განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

 

კომენტარები