პაკისტანი

უზენაესმა სასამართლომ პრემიერ-მინისტრი გადააყენა

პაკისტანის უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, იუსუფ გილანიმ თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს და ასევე უარი თქვას სადეპუტატო მანდატზე. სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტს ასიფ ზარდარის უახლოეს მომავალში მთავრობის ახალი მეთაურის დანიშვნა დაავალა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი გილანის მიერ 2007 წელს გამოცხადებული ამნისტია გახდა, რომელიც დღევანდელ პრეზიდენტს და მის მეუღლეს - ყოფილ პრემიერ ბენაზირ ბჰუტოსაც შეეხო. ზარდარის და ბჰუტოს ბრალი 12 მილიონო დოლარის გათეთრებაში ედებოდათ. ამნისტიამ საშუალება მისცა მათ ქვეყანაში დაბრუნებულიყვნენ და პოლიტიკური საქმიანობა გაეგრძელებინათ. დაბრუნების შემდეგ, მაშინდელი ოპოზიციის ლიდერი ბენაზირ ბჰუტო ტერაქტის შედეგად დაიღუპა.

ცოტა ხნის წინ პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მოქმედი პრემიერ-მინისტრი სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა. რის გამოც იგი სასამართლოსადმი უპატივცემულობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი და სიმბოლური, 5 წუთიანი პატიმრობა სასამართლო დარბაზში მოიხადა.

ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, 5 წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავება ეკრძალება. რის საფუძველზეც დღეს ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ იუსუფ გილანის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების უფლება აღარ აქვს.

სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ზარდარიმ მმართველი სახალხო პარტიის საგანგებო სხდომა შეკრიბა. პარტიამ პრემიერობის რამდენიმე ახალი კანდიდატი განიხილა, მათ შორის თავდაცვის მინისტრი აჰმად მუხთარი და რელიგიის საქმეთა მინისტრი ჰურშიდ შაჰი.

 

კომენტარები