ჰილარი კლინტონი

ჰილარი კლინტონი საქართველოში – ვიზიტი შედეგებით

ჰილარი კლინტონი და ნიკა გილაური
REUTERS

პირველად გამოქვეყნდა EURASIA DAILY MONITOR | 11 ივნისი, 2012 

ჰილარი კლინტონი
ფოტო: REUTERS
-7 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სომხეთს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს ეწვია. სამხრეთ კავკასიაში კლინტონის პირველი ვიზიტი, რომელსაც „გაცნობითი” ეწოდა, 2010 წლის ივლისის დასაწყისში შედგა. თითქმის ორი წლის თავზე სახელმწიფო მდივნის მეორე სტუმრობა კი, თავისი მნიშვნელობით და რამდენიმე საკვანძო შედეგით გამოირჩევა. ესენია:

1. მხარდაჭერა თავდაცვის სფეროში

ობამას ადმინისტრაცია ოდნავ ასუსტებს საქართველოს შეიარაღებაზე ფაქტობრივად დაწესებულ აკრძალვას, რომელიც ქვეყანას საკუთარი ტერიტორიის თავდაცვისთვის სჭირდება (აკრძალვა არ ეხება ავღანეთში მებრძოლ ქართულ სამხედრო ნაწილებს). ბათუმში კლინტონი დაესწრო სანაპირო დაცვის სამსახურისთვის ოთხი კატარღის გადაცემის საზეიმო ცერემონიალს. მათი მოდერნიზება აშშ-ის დახმარებით მოხდა. აშშ-მა უკვე 10 მილიონი დოლარი დახარჯა იმ 16,5-მილიონიანი დახმარებიდან, რომელიც საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის მხარდასაჭერად არის გამოყოფილი. კერძოდ, ამ კატარღების თანამედროვე ელექტრონული სისტემებითა და დეტექტორული აპარატურით აღჭურვისათვის და სანაპირო რადარებისთვის. საქართველოს სანაპირო დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

კლინტონმა ასევე გამოაცხადა აშშ-ის ახალი პროგრამის დაწყების შესახებ, რომელიც ორმაგი გამოყენების (სამოქალაქო-სამხედრო) სატრანსპორტო ვერტმფრენების მოდერნიზებას ითვალისწინებს და არ გამორიცხა ქართველი ოფიცრებისა და ჯარისკაცების წვრთნის პროგრამის შემდგომი გაფართოება. მან ასევე მიანიშნა შემდგომ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას საქართველოს ტერიტორიული, საჰაერო და საზღვაო თავდაცვის, ასევე, NATO-ს ჯარებთან თავსებადობის გაუმჯობესებისთვის (აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზი, 5 ივნისი; Civil Georgia, 5-6 ივნისი).

თუმცა საკუთარი ქვეყნის დასაცავად საქართველოს აღჭურვა ნახსენები არ იყო. ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი იარაღი დოკუმენტებში არ არის. როგორც ჩანს, ობამას ადმინისტრაციას ჰგონია, რომ სამხედრო სფეროში საქართველოს მოთხოვნები შორეულ მიწებზე ამერიკის მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობითა და NATO-ს ძალებთან თავსებადობით შემოიფარგლება და ნაკლებად ეხება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაცვას.

ცხადია, არარეალური იქნება ვაშინგტონის მხრიდან რაიმე რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების მოლოდინი მაშინ, როცა ორივე ქვეყანაში – ამერიკაშიც და საქართველოშიც – არჩევნები მოდის. ამის გათვალისწინებით, კლინტონის განცხადებები წინ გადადგმული ნაბიჯია, რასაც მომავალში შეიძლება კონკრეტული შედეგები მოჰყვეს. მანამდე კლინტონმა მადლიერება გამოხატა ავღანეთში საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევისათვის. საქართველო, რომელიც NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე ავღანეთში გაგზავნილი ჯარისკაცების რაოდენობით პირველია, მალე, შეიძლება, მეორე აღმოჩნდეს ყველა იმ ქვეყანას შორის, რომელიც ავღანეთის მისიაშია ჩართული.

2. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის საქართველოში შემუშავებული “სტატუსნეიტრალური” სამგზავრო დოკუმენტის აღიარება აშშ-ის მხრიდან

კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოები და საკონსულოები, ამიერიდან, ვიზაზე განაცხადთან ერთად, ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებლებისგან ამგვარ პასპორტებსაც მიიღებენ. სტატუსნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები საქართველოს მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა დახმარების პროგრამაა. სტატუსნეიტრალური ნიშნავს, რომ ეს დოკუმენტები არ აკონკრეტებს მფლობელის მოქალაქეობას და პროცედურა შესაძლებლობას აძლევს ამ რეზიდენტებს გაემგზავრონ აშშ-ში (და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში). ამით შეიძლება შეიცვალოს ამ ხალხის ორიენტირება რუსეთზე და საქართველო გადაიქცეს შუალედურ სადგურად, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების დამყარებას. საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტრომ ეს პროგრამა “ჩართულობა აღიარების გარეშე” კონცეფციის ფარგლებში შეიმუშავა (Civil Georgia, 5-6 ივნისი).

ჰილარი კლინტონი და ნიკა გილაური
ფოტო: REUTERS
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეზიდენტებს აქვთ ამ ტერიტორიების “მოქალაქეობა” და პასპორტები, ან რუსული მოქალაქეობა და პასპორტები, ან ორივე – ადგილობრივიც და რუსულიც. ქართული სტატუსნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი მათ მგზავრობის უფრო მიმზიდველ შესაძლებლობებს სთავაზობს დღემდე ხელმისაწვდომ ალტერნატიულ ვარიანტებთან შედარებით. სტატუსნეიტრალურ დოკუმენტს საქართველოს სახელმწიფო გასცემს და მასზე საქართველო, როგორც დაბადების ადგილი, კოდირებული ციფრებით არის დატანილი. ეს პროცედურა შეესაბამება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი სუვერენიტეტის სამართლებრივ სტატუსს. აქამდე ქართული სტატუსნეიტრალური დოკუმენტები ბალტიის ქვეყნებმა და იაპონიამ აღიარეს და მიიღეს. მას შემდეგ, რაც აშშ-მაც იგივე გააკეთა, სავარაუდოა, რომ ამ პროგრამას კიდევ უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს.

3. საქართველოს არჩევნებზე აშშ-ის მასშტაბური მონიტორინგი

კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია, კონგრესთან ერთად, თანახმაა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე გამოგზავნოს დამკვირვებელთა მაქსიმალური რაოდენობა როგორც ხანმოკლე, ასევე გრძელვადიანი მონიტორინგისთვის. არჩევნები დანიშნულია ოქტომბრის დასაწყისისთვის და საქართველოს მთავრობას სურს, რაც შეიძლება მეტი ამერიკელი და ევროპელი დელეგატი დააკვირდეს როგორც საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, ისე უშუალოდ ხმის მიცემის პროცესს.

არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად წარმართვა და შედეგის ლეგიტიმურობა მთავრობის ერთადერთი ამოცანა არ არის. მაშინაც კი, თუ არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოებრიობა სამართლიანად აღიარებს, ქართველ რადიკალ ოპოზიციონერებს მაინც შეუძლიათ, არ აღიარონ შედეგები, მოაწყონ არეულობა ან ახლადარჩეულ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადონ. საქართველოს 1991 წლის შემდგომი ისტორია სავსეა ამგვარი მოვლენებით. 2008 წლის შემდგომი სიტუაცია კიდევ უფრო რთულია, რადგან რუსეთის სამხედრო ნაწილები განლაგებულია თბილისიდან მხოლოდ 40 კილომეტრის მანძილზე და ისინი “წესრიგის აღსადგენად” მუდმივად მზად არიან.

ახლანდელ საარჩევნო კამპანიის პროცესში, ზომიერმა ოპოზიციამაც რამდენჯერმე დადო პირობა, რომ „მისი” ორგანიზაცია „თავის” ეგზიტპოლს ჩაატარებს და თუ საბოლოო შედეგები „თავის” შედეგებს არ დაემთხვევა, ის აუცილებლად გააპროტესტებს. მეტიც, დასავლეთში ექსპორტირებული რუსული “პოლიტიკური ტექნოლოგებით” უხვად შეიქმნა “არჩევნებზე დამკვირვებელთა” დასავლური სახელების მქონე ადამიანების გაუგებარი ჯგუფები, რომელთაც არ აქვთ საერთაშორისო აკრედიტაცია, მაგრამ შეუძლიათ ვებსაიტებზე ისეთი მასალის გამოქვეყნება, რომელიც არეულობისკენ უბიძგებს.

თუ ქართული არჩევნები დადებითად შეფასდება, დასავლელ დამკვირვებელთა სიმრავლე ამ შეფასებას წონას შემატებს, ხელს შეუწყობს არჩევნების შემდგომი ნებისმიერი არეულობის განმუხტვას და, ამავდროულად, შეუძლებელს გახდის, კრიტიკულ შემთხვევაში, რუსეთის ჩარევას. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კლინტონთან საუბრისას “ყალბი დამკვირვებლების” ფენომენთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა (ტელეკომპანია იმედი, 5 ივნისი).

4. აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება

როგორც სპეციალური საჩუქარი საქართველოსათვის, კლინტონმა გამოაცხადა აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილება, დაიწყოს მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეს წინადადება იანვარში, თეთრ სახლში სააკაშვილთან შეხვედრის დროს წამოაყენა. აშკარაა, თბილისს ეს საჩუქარი იმიტომ ერგო, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მოსკოვის გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადა (მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საბაჟო ტერიტორიების ოკუპირებისა და იქ საბაჟო პუნქტების მოწყობისა). ამ პროცესმა ახლა უკვე ოფიციალური, აშშ-საქართველოს უმაღლესი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის ფორმა მიიღო. ამჟამად აშშ-ში საქართველოს საექსპორტო პოტენციალი არც ისე მაღალია, თუმცა, მომავალში, საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებული ქართული პროდუქციის ექსპორტირების შესაძლებლობა ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას საქართველოს წარმოებაში.

კლინტონისა და საქართველოს პრემიერმინისტრის, ნიკა გილაურის თანათავმჯდომარეობით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის რიგით მესამე სხდომა ჩატარდა. აღნიშნული კომისია ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მიერ 2009 წლის იანვარში დაარსდა. ამ ვიზიტის დროს კლინტონმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ ყველაზე ძლიერი განცხადება გააკეთა, რაც კი რომელიმე ამერიკელ ლიდერს გაუკეთებია მისი 2010 წლის ვიზიტის შემდეგ. მან მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს “საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მილიტარიზაცია” და “შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები სამხედრო ნაწილების კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნების შესახებ” (სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზი, 5 ივნისი). თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, კლინტონმა სატელევიზიო ინტერვიუში (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, 6 ივნისი) აღიარა, რომ “აშშ-ს და რუსეთს უამრავი რამ აქვთ ერთად გასაკეთებელი” სხვა, მაღალპრიორიტეტულ საკითხებში.


კომენტარები