ჯონ ბასი

ჯონ ბასმა საქართველოში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა, ატლანტიკურ საბჭოში გამართულ დისკუსიაზე, თემაზე ,,საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები - წარსული, აწმყო, მომავალი’’ მოხსენება გააკეთა. მან საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სირთულეებზე ისაუბრა და სხვადასხვა საკითხები განიხილა. 

ჯობ ბასმა საქართველოში არსებულ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ტოლერანტობის ნაკლებობა დაასახელა. მისი თქმით, განსხვავებული პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგიური მოსაზრებების მიმართ დამოკიდებულება არატოლერანტულია. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს წინასაარჩევნო კამპანიისთვის ეთნიკური და რელიგიური შოვინიზმის გამოყენების ნიშნები. 

ჯონ ბასმა  განაცხადა, რომ აშშ-ს დახმარება საქართველოსადმი, დამოკიდებული იქნება საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაზე და აღნიშნა რომ ქვეყანაში მოდერნიზაციაზე მეტი ენერგიაა დახარჯული, ვიდრე დემოკრატიზაციაზე, რაც საზოგადოების განწყობით არის განპირობებული.

,,გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოება და კეთილდღეობა უდიდესწილად დამოკიდებული იქნება მისი დემოკრატიის ხარისხზე. ვფიქრობ, საქართველოში ამერიკული ინვესტიციების, ინტერესების და ყურადღების გაგრძელება მომავალში, ისევე როგორც დღეს, არსებითად იქნება დამოკიდებული მისი დემოკრატიის გაგრძელებაზე.’’-განაცხადა ჯონ ბასმა.

აშშ-ს ელჩმა საქართველოში, მედიაში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემად ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხი დაასახელა და აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები მაუწყებლების ვიწრო სპექტრის მიერ შუქდება და არ არსებობს სრული წვდომა ინფორმაციაზე  იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქალაქებში არ ცხოვრობენ. 

ჯობ ბასმა თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა საზოგადოებაში არსებულ პრობლემას, რაც ფაქტებზე დაფუძნებული რეალობის რთულად აღქმაში გამოიხატება და განმარტა, რომ ხშირად დასკვნები ანალიტიკური უნარების გამოყენების გარეშე, რეალობას მოკლებულ არგუმენტებზე დაყრდნობით კეთდება. 

ჯონ ბასი შეეხო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხსაც და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას სურვილი აქვს რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, თუმცა არა ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე. 

,,ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ურთიერთობები ფუნდამენტურად გაუმჯობესდეს, სანამ ჩვენ საქართველოში შემდგომ საარჩევნო ციკლს არ გავივლით და იმედია, რუსეთის ხელისუფლება აცნობიერებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი თავის მიდგომაში რუსეთთან ურთიერთობების შესახებ მეტწილად საზოგადოებრივ აზრს გამოხატავს და რომ ეს ჰაერიდან მოტანილი არ არის“ - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში. 

ჯონ ბასმა ქვეყნის მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების, ინფრასტრუქტურისა და მმართველობის გაუმჯობესების კუთხით დიდი ენერგია დახარჯა.

აშშ-ს ელჩმა მომავალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას საქართველოს წინაშე მდგარი დიდი გამოწვევა უწოდა. მისი თქმით, ამჟამინდელი საარჩევნო გარემო საკმარისად კონკურენტუნარიანია და ქვეყანაში მომხდარი ,,მენტალური რევოლუცია’’ პოზიტიური მოლოდინების ქონის საშუალებას იძლევა. 

,,ქართველები უკვე სხვაგვარად აღიქვამენ თანამედროვე სამყაროს და საქართველოს ადგილს ამ სამყაროში. ეს დიდწილად ახალი თაობის დამსახურებაა.’’-აღნიშნა ჯონ ბასმა.

კომენტარები