სირია

სირიელი ჩერქეზების დილემა

წელიწადზე მეტია, რაც სირიაში სახელისუფლებო ძალებსა და ოპოზიციას შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. კონფლიქტს უკვე 5 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

დღეს სირიაში, სხვადასხვა მონაცემების თანახმად, 80-დან 100 ათასამდე ეთნიკური ჩერქეზი ცხოვრობს. ჩრდილოეთ კავკასიიდან იძულებით გადაადგილებული პირები ძირითადად დამასკოში, ალეპოსა და ჰომსში ბინადრობენ.

სირიელი ჩერქეზები სამოქალაქო დაპირისპირების გამო განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ასადის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ძალოვან სტრუქტურებში მსახურობს, ამიტომ მიიჩნევა, რომ სირიელ ჩერქეზებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ: ერთი მხრივ, ოპოზიციური მეამბოხე ძალები ჩერქეზებს მათ გვერდით დგომასა და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში – ქვეყნიდან გაძევებით ემუქრებიან. მეორე მხრივ კი, რუსეთში დაბრუნების აშკარა სურვილის გამოხატვის გამო, დიდი შანსია, ასადის რისხვა დაატყდეთ თავს.

რთული არჩევანის წინაშე დამდგარმა ჩერქეზულმა მოსახლეობამ ისტორიულ სამშობლოში, ჩრდილოეთ კავკასიაში რეპატრიაციის თხოვნით რუსეთის ხელმძღვანელობის გარდა ადიღეის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ფედერალურ მთავრობებს მიმართა. რუსეთის მთავრობამ უკვე 300-მდე ჩერქეზი წარმომავლობის ოჯახის მიმართვა მიიღო.

მოსკოვი მასობრივი რეპატრიაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, რასაც ზოგიერთი ექსპერტი „ისლამური ფაქტორის” შიშით ხსნის. მეორე მნიშვნელოვან მიზეზად ადიღეური ორგანიზაციების ანტირუსული დამოკიდებულება სახელდება, რაც 2011 წელს საქართველოს მხრიდან ჩერქეზი ერის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის აღიარების შემდეგ უფრო გაძლიერდა.

არავინ უარყოფს, რომ ქართული მხარის რუსეთზე ზეწოლა პირდაპირ დაკავშირებულია 2014 წელს დანიშნულ სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან. საქმე ისაა, რომ ოლიმპიური ქარტია, ეთნიკური გენოციდის მომწყობის ტერიტორიაზე თამაშების ჩატარებას ოფიციალურად ეწინააღმდეგება. ჩერქეზული რადიკალური ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ჩერქეზთა გენოციდის 150 წლისთავზე რუსულ-ჩერქეზული ომის ტერიტორიაზე ოლიმპიადის ჩატარება მიუღებელი და ამორალურია.

ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩერქეზთა მასობრივი გასახლების პოლიტიკა მე-19 საუკუნეში დაიწყო. 1864 წელს მეფის რუსეთის არმიასა და ჩერქეზებს შორის უკანასკნელი ბრძოლა გაიმართა, სადაც ჩერქეზთა სრული მოსახლეობის 20%-ზე მეტი დაიღუპა, ხოლო გადარჩენილთა 90%-მა თავი ძირითადად სირიას, თურქეთსა და იორდანიას შეაფარა. ამჟამად, მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 5 მილიონი ჩერქეზი ცხოვრობს, ხოლო ისტორიულ სამშობლოში მათი რიცხვი 700 ათასზე ნაკლებია.

სირიელი ჩერქეზების რეპატრიაციის საკითხი დიდწილადაა დაკავშირებული სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ აგორებულ მასობრივ საპროტესტო ტალღასთან. წინააღმდეგობა 2007 წელს დაიწყო, როდესაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლად სოჭი გამოაცხადა. რუსეთის არჩევა იმ მომენტშივე მოინათლა პუტინის პირად ტრიუმფად, მაგრამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეთნიკურად ჩერქეზმა დევნილებმა ინტერნეტსივრცის გამოყენებით დაიწყეს საპროტესტო აქტივიზმი და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს არაერთხელ მიმართეს 2014 წელს დანიშნული ოლიმპიადის გაუქმების მოთხოვნით.

ამის მიუხედავად, ძალიან ცოტა ფიქრობს, რომ ჩერქეზული პროტესტი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სოჭის ოლიმპიადაზე. ანალიტიკოსები თვლიან, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება, დააბრუნოს სირიელი ჩერქეზები ისტორიულ სამშობლოში, გამოასწორებს რუსეთის რეპუტაციას და ნაწილობრივ შეაჩერებს ანტიოლიმპიურ კამპანიას.

 

კომენტარები