აღმოჩენა

ახალი ენა

თურქეთში, ქალაქ ზიარეთ თეფეს მიდამოებში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს დაფა, რომელზეც ანტიკური, აქამდე უცნობი დამწერლობის ასოებია გამოყვანილი. თიხის დაფა იპოვა მკვლევართა ჯგუფმა, რომლის ხელმძღვანელიც აკრონის უნივერსიტეტის პროფესორი, ტიმოთი მეთნია. პროფესორმა ჯონ მაქგინისმა კი წარწერა გაშიფრა და გამოთქვა ვარაუდი, რომ ის იმ დროს გავრცელებულ ენებს – ურარტულსა და ეგვიპტურს არ მიეკუთვნება. ვარაუდობენ, რომ ენა დაახლოებით 2500 წლისაა და ასურეთის იმპერიის არსებობის წლებში შეიქმნა. შესაძლებელია, ეს ენა სარგოსის მთებიდან დღევანდელი ირანისა და ერაყის საზღვარზე გადმოსახლებული ხალხის მშობლიური ენა იყოს. მის წარმომავლობაზე სხვა თეორიებიც არსებობს: ერთი ვერსიით, ეს შეიძლება შუბრული იყოს, ადგილობრივი ენა, რომელზეც თუშანის მიდამოებში ასურელების მოსვლამდე საუბრობდნენ. მეორე თეორიით კი, ეს შეიძლება იყოს მუშქის ენა, რომლებიც დაახლოებით იმავე დროს დასახლდნენ აღმოსავლეთ ანატოლიაში, როდესაც წარწერა შეიქმნა.

არქეოლოგები ზიარეთ თეფეს მიდამოებში 1997 წლიდან მუშაობენ. დასავლეთ თურქეთის ეს ტერიტორია ანტიკურ ასურულ ქალაქ თუშანის სავარაუდო ისტორიულ მემკვიდრედ მიიჩნევა. იქ არქეოლოგიური სამუშაოები ისევ გრძელდება. თიხის დაფა ახლა თურქეთის ქალაქ დიარბაქირშია შენახული და მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მალე მისი ხილვა ყველას შეეძლება. ცეცხლით განადგურებულ სასახლეში აღმოჩენილი თიხის დაფა ახალი ენის არსებობის ერთადერთი მტკიცებულებაა. ფაქტი ისაა, რომ ახალმა ენამ შეიძლება მთლიანად შეცვალოს წარმოდგენა იმ ეთნიკურ ჯგუფებზე, რომლებიც იმ დროს ირანისა და ერაყის გასაყარზე არსებობდნენ.

კომენტარები