აღმოჩენა

3 მილიარდის ღირებულების პლატინა ჩაძირულ გემზე?

ამერიკელი განძის მაძიებელი მეინის შტატიდან ირწმუნება, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული გემი აღმოაჩინა, რომელიც დიდი რაოდენობით პლატინით არის დატვირთული.

გრეგ ბრუკსის მტკიცებით, დაღუპული გემი ”პორტ ნიკოლსონი” აშშ-ს ატლანტიკის სანაპიროდან 80 კმ-ში იმყოფება, ხოლო პლატინა დღეისთვის 3 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.

ბრიტანული სავაჭრო გემი - პორტ ნიკოლსონი - 1942 წელს, გერმანელების შეტევის შედეგად ჩაიძირა.

ამ ეტაპზე აღმოჩენას ბევრი სკეპტიკურად უყურებს. ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ უცნობია, მართლაც გადაქონდა თუ არა გემს პლატინა. ენტონი შუსტას თქმით, პირველადი მონაცემებით, გემზე მანქანებისა და იარაღის საცავები უნდა ყოფილიყო. გაერთიანებული სამეფო საბოლოო დასკვნებს დაელოდება, სანამ გადაწყვეტს, განაცხადოს თუ არა პრეტენზია ტვირთზე.

ბრუკსის ვარაუდით, პლატინა იმ გადასახადის ნაწილია, რასაც საბჭოთა კავშირი შეერთებულ შტატებს ომის დროს მომარაგების სანაცვლოდ უხდიდა. მას ასევე აქვს წყალქვეშ გადაღებული ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია ყუთები, სადაც პლატინა უნდა ინახებოდეს.

დადასტურების შემთხვევაში, აღმოჩენილ საგანძურებს შორის ეს ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული იქნება.

 

 

კომენტარები