უმცირესობები

მოსკოვში პირველი ლეგალური გეი-აღლუმი ჩატარდა

შაბათს მოსკოვში, ტარას შევჩენკოს სანაპიროზე პირველი ლეგალური გეი-აღლუმი ჩატარდა, სახელწოდებით ,,გულანთებულთა მარში’’. დემონსტრაციაში მონაწილეობა დაახლოებით 70-მა ადამიანმა მიიღო, მსვლელობის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა ორ საათიანი აქცია გამართეს.

ქალაქის მერიისგან თანხმობის მისაღებად დემონსტრაციის ორგანიზატორებმა მიმართვაში აღნიშნეს, რომ აქცია მიეძღვნებოდა ყველა სახის დისკრიმინაციისადმი ბრძოლას. აქციის ჩასატარებლად ნებართვის მიღების შემდეგ გაირკვა, რომ ,,ყველა სახის დისკრიმინაცია’’ სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციის თემასაც ითვალისწინებდა.

მსვლელობის დროს ცნობილი გახდა, რომ ლგბტ აქტივისტებს კუტუზოვის გამზირზე რამდენიმე ათეული აგრესიულად განწყობილი ნაციონალისტი ელოდათ. დემონსტრანტებმა  უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პოლიციის თანამშრომლებს მიმართეს. პოლიციელებმა აქციის მონაწილეების მიმართვა გაითვალისწინეს და ათამდე ადამიანი დააკავეს, რომლებიც მალევე გაათავისუფლეს.

სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების გარდა, მონაწილეების ტრანსპარანტები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებსაც ეძღვნებოდა, როგორიცაა სკანდალი პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით.

ლგბტ ორგანიზაციები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობდნენ მოსკოვში აქციის ჩასატარებლად ნებართვის მიღებას. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებმა ევროსასამართლოსაც მიმართეს, სადაც მათი უფლება ჩაეტარებინთ აქცია, კანონიერად სცნეს, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუთვალისწინებია.

კომენტარები