უმცირესობები

ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია ინციდენტით დასრულდა

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორგანიზაცია ”იდენტობა” ფილარმონიიდან კოლმეურნეობის მიმართულებით მშვიდობიანი მსვლელობის გამართვას გეგმავდა. აქცია მიზნად ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული სტიგმისა და უარყოფითი დამოკიდებულებისადმი პროტესტის გამოხატვას ისახავდა. ორგანიზატორების განცხადებით, პრობლემა ჰომოფობიაა და არა ჰომოსექსუალობა.

აქციის მონაწილეებს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა და სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაუკეტეს და მსვლელობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოგვიანებით ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. დაძაბულობის განმუხტვის მიზნით ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ.

პოლიციამ 5 ადამიანი, მათ შორის, სამი აქციის მონაწილე და მათთან დაპირისპირებული ორი პირი დააკავა. დაკავებულები მალევე გაათავისუფლეს. 

აქციის ორგანიზატორებმა ტაბულასთან საუბარში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ. მათი თქმით, ინფორმაცია ინციდენტის შესახებ სახალხო დამცველს მიეწოდა. 

 

კომენტარები