საქართველო–აშშ

ჰილარი კლინტონი საქართველოს დღეს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში დღეს ჩამოვა. ოფიციალურ შეხვედრებს იგი ხვალიდან გამართავს.

გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დაახლოებით 20:00 საათის შემდეგ დაეშვება.

ჰიკარი კლინტონი 5 ივნისს ბათუმში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიას გახსნის.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰილარი კლინტონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და პოლიტიკოსების ფართო წრეს. დაგეგმილია აშშ–ს სახელმწიფო მდივნისა და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი ბრიფინგიც.

ჰილარი კლინტონი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვა, შემდეგ კი აზერბაიჯანში გაემგზავრება. ბაქოდან სახელმწიფო მინისტრი თურქეთში ჩავა, სადაც გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე დაგეგმილ მინისტერიალს დაესწრება.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომამდე ერთი დღით ადრე, სამოქალაქო საზოგადოებასთან მრგვალი მაგიდა გაიმართება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინი, ელჩი მაიკლ კოზაკი და აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს დღეს შეხვდებიან.

საელჩოს ცნობით, მრგვალი მაგიდისას მხარეები განიხილავენ საარჩევნო გარემოს საქართველოში, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის საკითხებს, აგრეთვე ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პროფკავშირების პრობლემებს.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინი და ელჩი მაიკლ კოზაკი სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომაზე დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები იქნებიან.

 

კომენტარები