ევროპის ენერგომომარაგება

ფრანც ბეკენბაუერი გაზპრომის სახე გახდა

ევროპაში რუსული გაზის გაყიდვების სტიმულირების მიზნით, გაზპრომმა ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი დაიქირავა.  ინფორმაციას ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო DPA და Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გაზპრომი საფეხბუთო სამყაროში ახალბედა არაა. უკვე რამდენიმე წელია, კომპანია გერმანიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის კლუბ შალკე 04-ს სპონსორია. ფინანსურ მხარდაჭერას გაზპრომი სან-პეტერბურგის კლუბ ზენიტსაც უწევს.

თუმცა, გაზპრომის მთავარი ბიზნესი ევროპაში გაზის ექსპორტია, რომელსაც ბოლო დროს გარკვეული სირთულეები შეექმნა. კომპანიას მოუწია 2012 წლის ექსპორტის პროგნოზი 150 მილიარდ კუბურ მეტრამდე შეემცირებინა.

ანალიტიკოსების აზრით, გაზპრომს ასევე გაუჭირდება დაიცვას ევროკავშირის ახალი ენერგეტიკული წესები, რომლის მიხედვითაც ენერგიის წარმოება და მისი ტრანსპორტირება გაყოფილი უნდა იყოს. გაზპრომი კი ორივე პროცესშია ჩართული. „ახალი წესები ხელს შეუშლის კომპანიას შეინარჩუნოს პრივილეგირებული პოზიცია ევროპაში“ - ნათქვამია Wall Street Journal-ის სტატიაში. 2011 წელს გაზპრომის წილი ევროპულ ბაზარზე 27% შეადგენდა; თუმცა, კომპანია 2020 წლისთვის ამ მაჩვენებლის 30%-მდე გაზრდას ვარაუდობდა.  

ამ ფონზე, გაზპრომის მარალჩინოსნები თვლიან, რომ გერმანელი ცნობილი სახეების დაქირავება, კომპანიას მხოლოდ დაეხმარება. სწორედ გერმანიაა ევროპაში კომპანიის მთავარი დამკვეთი. აქამდე გაზპრომის ინტერესებს ევროპაში გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შროდერი იცავდა, ახლა კი მას ყოფილი ფეხბურთელიც შეუერთდება.

 

 

კომენტარები