ინგლისის პრემიერლიგა

სქოულზი ერთი წლით დარჩა

ინგლისის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა მანჩესტერ იუნაიტედმა ვეტერან ნახევარმცველთან პოლ სქოულზთან 2013 წლის 1 ივლისამდე გააფორმა კონტრაქტი.

37 წლის ფეხბურთელმა კარიერა შარშან, მაისში დაასრულა, თუმცა იანვარში მშობლიურ კლუბს მთავარი მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის თხოვნით დაუბრუნდა. ნახევარ სეზონში მან ისე კარგად ითამაშა, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ რეფერენდუმში მესამე ადგილზე გავიდა.

”ის გამოცდილი მოთამაშეა და ჩვენ ასეთი ფეხბურთელები ძალიან გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, ის მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით კიდევ არაერთ მატჩს ჩაატარებს და ლამაზ გოლებსაც გაიტანს,” - განაცხადა ოლდტრაფორდული გუნდის თავკაცმა.

პოლ სქოულზი 1993-1994 წლების სეზონში ჩაირიცხა მანჩესტერულ კლუბში და მასთან ერთად უამრავ გამარჯვებას მიაღწია: 10-ჯერ გახდა ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული, 5-ჯერ მოიგო ქვეყნის სუპერთასი, 3-ჯერ დაეუფლა ასოციაციის თასს, 2-ჯერ კი ლიგის თასს. ამას გარდა ორჯერ აღმართა ჩემპიონთა თასი (1999, 2008), 1999 წელს საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა, 2008 წელს კი ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში იმარჯვა.

ოლდტრაფორდული კლუბის მაისურით პოლ სქოულზმა 696 თამაშში 154 გოლი მიითვალა. მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში, ჩატარებული მატჩების მხრივ, ნახევარმცველი მხოლოდ ლეგენდარულ რაიან გიგზს ჩამორჩება.

კომენტარები