საქართველო-აშშ

რიჩარდ დურბინი: საქართველოში არჩევნები ღიად, თავისუფლად და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს

თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორი რიჩარდ დურბინი ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები, ასევე ახალი მემარჯვენეებისა და ქრისტიან-დემოკრატების ლიდერები დაესწრნენ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ სენატორმა განაცხადა, რომ საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ღიად, თავისუფლად და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს.

"ჩვენ არჩევნების საკითხზე ვისაუბრეთ. ყველანი ვთანხმდებით, რომ არჩევნები უნდა იყოს ღია, თავისუფალი და გამჭვირვალე. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ არჩევნებში საბოლოო სიტყვა უნდა თქვას ქართველმა ამომრჩეველმა და არა რომელიმე თქვენმა სტუმარმა, დამკვირვებელმა ან ვიზიტორმა. ეს არის არჩევნები, რომელშიც საბოლოო გადაწყვეტილება ქართველ ხალხს ეკუთვნის". - აღნიშნა რიჩარდ დურბინმა.

დურბინის განცხადებით, მოახლოებული არჩევნების პერიოდში მედია უნდა იყოს აბსოლუტურად თავისუფალი და ხელმისაწვდომი.

ამერიკელმა სენატორმა ავღანეთში საქართველოს წვლილზეც ისაუბრა და ქართული მხარის მიერ ნატოს მისიაში შეტანილი წვლილისთვის ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა.

"ქართველი ჯარისკაცები არიან პროფესიონალები და თავდადებით ასრულებენ მისიას. ვეთანხმები ჩემი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას შეფასებას, რომ ის, რასაც საქართველო აკეთებს თავისი მისიით, ამტკიცებს იმას, რომ ეს ქვეყანა აუცილებლად გახდება ნატოს ღირსეული წევრი". - განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა სენატორმა.

რიჩარდ დურბინი საქართველოს კონფლიქტური ზონების პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ დღეს ელჩთან ერთად იგი კონფლიქტურ ზონაშიც იმყოფებოდა, სადაც დევნილების დასახლება მოინახულა. მისი თქმით, დევნილებს სრული უფლება აქვთ, იცხოვრონ თავისუფლად, შიშისა და ზეწოლის გარეშე.

 

კომენტარები