საქართველო–აშშ

სენატორი რიჩარდ დურბინი თბილისში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ამერიკელი სენატორი რიჩარდ დურბინი თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო, "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი ნინო ლომჯარია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ეკა გიგაური და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი.

"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ სენატორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რიჩარდ დურბინი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოთი დაინტერესდა. მისი თქმით, სენატორი დაინტერესდა ასევე ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებით, მისი ინტერესის საგანს წარმოადგენდა აგრეთვე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი და არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირების თემა.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, დურბინთან შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა არჩევნებსა და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ თემატიკას. ჩუგოშვილის განმარტებით, საიას მხრიდან ყურადღება გამახვილდა ე.წ. სავალდებულო ტრანზიტის თემაზე, რაც მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ საკაბელო მაუწყებლებს ვალდებულება უნდა ჰქონდეთ, რომ სხვადასხვა ტელეკომპანიების სიგნალები გადასცენ, რადგან ეს არის თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისა და ამომრჩევლებისთვის სრული ინფორმაციის მიღების საშუალება.

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის რიჩარდ დურბინის ვიზიტი საქართველოში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში სენატორი საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

 

კომენტარები