სერბეთი

პოლიტიკური მეტოქეები შეთანხმდნენ

სერბეთის ახალი ნაციონალისტი პრეზიდენტი და მისი ლიბერალი მეტოქე შეთანხმდნენ, რომ გვერდზე გადადებენ ყველა უთანხმოებას და უფრო სტაბილური, დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული მთავრობის შესაქმნელად ერთობლივად იმუშავებენ.

ტომისლავ ნიკოლიჩის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მოგებამდე, ბორის ტადიჩი 8 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ამ შეთანხმებამდე, ისინი ერთმანეთის მოწინააღმდეგეები იყვნენ. ნიკოლიჩი ტადიჩს მოსახლეობის სიღარიბის მაღალი დონის, ასევე, უმუშევრობისა და კორუფციის წინააღმდეგ სუსტი პოლიტიკის გამო აკრიტიკებდა. ტადიჩი კი დასავლურ ღირებულებებს იშველიებდა და ნიკოლიჩის ნაციონალისტებს ახალი მთავრობის გარეთ დატოვებით ემუქრებოდა.

სერბეთში 6 მაისს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, ტომისლავ ნიკოლიჩის ნაციონალურპროგრესულმა პარტიამ მანდატების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღო. თუმცა ახალი მთავრობის ფორმირებისათვის აუცილებელი ხმები დემოკრატებს ერგოთ. ამიტომ ნიკოლიჩს, სავარაუდოდ, თავისი წინამორბედის - ბორის ტადიჩის პრემიერ მინისტრის პოსტზე წარდგენა მოუწევს.

სერბეთის კანონმდებლობით, პრემიერ მინისტრი უფრო ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა, ვიდრე პრეზიდენტი: პრეზიდენტს მხოლოდ სიმბოლური როლი აქვს და არც კანონპროექტების მომზადება შეუძლია.

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ ქვეყნის მომავალ მთავრობას სათავეში ჩაუდგეს და პრემიერ მინისტრის თანამდებობა დაიკავოს. ტადიჩის თქმით, დღეს ეს პოსტი ყველაზე „ცხელია“, რადგან სერბეთის წინაშე ბევრი გამოწვევაა.

სერბეთში მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილების შექმნა და უმუშევრობის 24%-იანი მაჩვენებლის შემცირებაა. ამას ართულებს მთავრობის დიდი ხარჯები, არასტაბილური ვალუტა და მზარდი საგარეო ვალი. 

კომენტარები