განათლება

სტუდენტური თვით-არჩევნები 2012

მაისს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. შედეგების პროგნოზირება არც ისე რთული იყო, თუმცა არჩევნები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა მარტში განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც თვითმმართველობის წევრებმა სტუდენტებს სცემეს.

წინა მოწვევის თვითმმართველობა 110 არჩეული წევრისგან შედგებოდა – მათგან 107 ერთიანი სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენელი იყო. ვითარება არც წლევანდელი არჩევნების შემდეგ შეცვლილა – ერთიანმა სტუდენტურმა მოძრაობამ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა და მესაჭის როლი შეინარჩუნა.

არჩევნებში სამი ორგანიზაცია მონაწილეობდა: ერთიანი სტუდენტური მოძრაობა, სტუდენტები სტუდენტებისთვის და თავისუფალ სტუდენტთა ალიანსი. გარდა ამისა, იყვნენ დამოუკიდებელი კანდიდატები. საერთო ჯამში, 120 ადგილზე 154 დარეგისტრირებული კანდიდატი მოდიოდა. საარჩევნო პროცესს ადმინისტრირება ცსკო-მ გაუწია. უშუალოდ პროცესს აკვირდებოდა საერთაშორისო ორგანიზაცია – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება (ISFED).

თვითმმართველობის წლევანდელი არჩევნები მაღალი აქტივობით არ გამოირჩეოდა: ამომრჩეველ სტუდენტთა რაოდენობა სულ 25 380-ია, მონაწილეობა კი 7307-მა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 29 პროცენტამდეა. შედეგები ასე გადანაწილდა: 120-დან 116 ადგილი ერთიანმა სტუდენტურმა მოძრაობამ მოიპოვა, დანარჩენი ოთხი – დამოუკიდებელმა კანდიდატებმა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსიდან.

არჩევნებამდე ამ ფაკულტეტზე სტუდენტების გამოკითხვა ჩაატარა საქართველოს ახალგაზრდა სოციოლოგთა საზოგადოებამ. კვლევის შედეგები აჩვენებდა, რომ სტუდენტთა უმრავლესობა დაგეგმილი არჩევნების შესახებ ინფორმაციას ფლობდა, თუმცა მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა – ძირითადად, მიზეზთა შორის ინტერესის და კანდიდატების მიმართ სიმპათიის არქონა სახელდებოდა.

დებულების მიხედვით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სტუდენტური თვითმმართველობა თავად ირჩევს. არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს აქვს, ვინც რეგისტრაციის პირობებს დააკმაყოფილებს. არჩევნების დღეს მნიშვნელოვანი დარღვევები არ აღნიშნულა, თუმცა სტუდენტთა ნაწილი წინასაარჩევნო პერიოდში უსამართლობას, საარჩევნო წესებსა და დარეგისტრირებისას შექმნილ პრობლემებს უჩიოდა.

დარეგისტრირებისთვის, პირადობისა თუ სწავლის დამადასტურებელ ცნობებთან ერთად, დამოუკიდებელმა კანდიდატებმა შესაბამის კურსზე მყოფი ამომრჩეველი მხარდამჭერი სტუდენტების 15%-ის ხელმოწერა უნდა წარადგინონ, ხოლო ორგანიზაციას სასურველი ფაკულტეტის სტუდენტთა 30%-ის მხარდამჭერი ხელმოწერის წარდგენა ესაჭიროება. შედარებისთვის, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, პარტიამ, რომელსაც პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავს, ცესკო-ს, სულ ცოტა, 25 ათასი მხარდამჭერი ამომრჩევლის სია უნდა წარუდგინოს (ნაცვლად ძველ კოდექსში არსებული 30 ათასისა), რაც საერთო რაოდენობის 0.75%-ია. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით კი, მხარდამჭერთა სიის საჭირო რაოდენობა არ უნდა იყოს იმ ოლქის ამომრჩეველთა 1%-ზე მეტი, სადაც არჩევნები მიმდინარეობს.

სტუდენტთა ნაწილის პრეტენზია სწორედ ხელმოწერების მაღალ რაოდენობას ეხება – მით უმეტეს, არსებული დებულებით, ორგანიზაციას, რომელსაც თვითმმართველობაში უკვე ჰყავს წარმომადგენელი, ხელმოწერების წარდგენა არ ევალება. სტუდენტების აზრით, ეს მათ ერთიან სტუდენტურ მოძრაობასთან იმთავითვე არათანაბარ პირობებში აყენებს. მეორე მხრივ, ცესკო-ს მხრიდან შევიწროებაზე საუბრობენ ისინიც, ვინც ხელმოწერების საჭირო რაოდენობა შეაგროვა, მაგრამ გარკვეული ხარვეზების გამო, უფლება ვერ მიიღო, მდგომარეობის გამოსასწორებლად კი სამი დღის ვადა მისცეს. შეცდომების გამოსწორებისთვის გამოყოფილი მცირე დროის მოტივით არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა სტუდენტურმა ხმამ. არჩევნების დღეს აქცია ლაბორატორია 1918-მაც გამართა – მათი კანდიდატებიც მიიჩნევენ, რომ დარეგისტრირებაში ხელი შეუშალეს.

თავის მხრივ, ცესკო-ს თავმჯდომარე დიმიტრი გეგენავა ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ დაშვებული ხარვეზები არ გულისხმობდა მარტივ შეცდომებს – საუბარი იყო არასწორ პირად ნომრებზე. ამასთან, ზოგიერთი ხელმომწერი არ იყო შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენელი და სხვა. მისივე თქმით, ცესკო-ს წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგი არ ევალებოდა, თუმცა იქ ცდილობდნენ, რომ სტუდენტებს ხელი არ შეშლოდათ – მაგალითად, პლაკატების გაკვრაში.

თსუ-ში ამბობენ, რომ არჩევნებისთვის სულ 6800 ლარი დაიხარჯა – 2300 ლარი ბიულეტენებისა და საარჩევნო პოსტერების დაბეჭდვაზე, ხოლო 4500 – ცესკო-ს წევრების ანაზღაურებაზე.

სტუდენტური თვითმმართველობა ორი წლის ვადით ირჩევა.

 

 

კომენტარები