უპოვრების აღთქმაში მყოფი მონაზვნები იმუქრებიან, რომ თუ საბერძნეთის ხელისუფლება მათ საგადასახადო უპირატესობებს არ დაუწესებს, ისინი გაყინავენ ოფიციალურ ურთიერთობას ათენთან და შესაძლოა, სუვერენიტეტიც გამოაცხადონ. საქმე ეხება არა ათონის მთის ტერიტორიაზე მდებარე სამონასტრო ქონების დაბეგვრას, რომელიც ისედაც სარგებლობს საგადასახადო უპირატესობებით – არამედ მოცემული ტერიტორიის მიღმა, მონასტრის საკუთრებაში მყოფი მაღაზიების, სახლებისა და მომლოცველთა სახლებისთვის ბეგარის შემცირებას.
ფოტო: REUTERS
პარალელურად გავრცელდა ხმები, რომ მონასტრები მოცემული საკითხის გადასაწყვეტად მოსკოვისა და პირადად ვლადიმირ პუტინის ჩარევას აპირებდნენ, რამაც ათენი ღალატზე აალაპარაკა. ეს მოსაზრებები ნაწილობრივ დადასტურდა. ათენთან კავშირის გაწყვეტის რადიკალი მომხრეები მოუწოდებენ მონასტრებს, გააძევონ წმინდა მთის ტერიტორიიდან ათონის სამოქალაქო გუბერნატორი. უფრო შემრიგებლური პოზიცია კი იმ ქვეყნების დიპლომატიური ბერკეტის გამოყენებას ემხრობა, რომელთა მონასტრებიც მთაზე მდებარეობს – კერძოდ, რუსეთის, სერბეთისა და ბულგარეთის. საგანგებო კრებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, მიმართოს სლავურ ქვეყნებს „მორალური და მატერიალური მხარდაჭერისთვის”.
ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, არა მხოლოდ საბერძნეთთან წმინდა მთის ურთიერთობები დაძაბოს, არამედ კონფლიქტი წარმოშვას კონსტანტინოპოლის დედა საპატრიარქოსთან, რომელიც მწვავედ რეაგირებს სლავურ ქვეყნებთან ათონის მთის ნებისმიერ კავშირზე. დროდადრო ათონის მთის პრორუსული მიმართულება მოსკოვსა და კონსტანტინოპოლში მჯდომ პატრიარქს შორის დიპლომატიურ სკანდალს იწვევდა. ახლა კი ათონის მონასტრების იღუმენები და არქიმანდრიტები დახმარებას პირდაპირ მოსკოვისგან, ბელგრადისგან და სოფიასგან ითხოვენ. არავინ იცის, რა შეიძლება მოჰყვეს ბერ-მონაზვნების საკმაოდ მძიმე მუქარას. გაურკვეველია, რა ნაბიჯებს გადადგამს ათონის სამონასტრო რესპუბლიკა, რომელიც საბერძნეთის თვითმმართველი ერთეულია. შესაძლოა, სეპარატისტული განცხადებები მას მძიმედ შემოუბრუნდეს.