ოკუპირებული ტერიტორიები

მოსკოვში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის აღდგენას აუცილებლობად მიიჩნევენ

მოსკოვში აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენას აუცილებლობად მიიჩნევენ. Ekhokavkaza - ს ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინსა და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შორის გამართული შეხვედრის ფარგლებში გაკეთდა.

გამოცემის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ "შეხვედრაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან საზღვრებზე არსებული სიტუაცია განიხილეს".

"აღინიშნა აფხაზეთისა და საქართველო საზღვარის მიმდებარედ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რეგულარული საქმიანობის აღდგენის აუცილებლობა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეხვედრაზე ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მოსამზადებელი სამუშაოებიც განიხილეს, რომელიც 7-8 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გალში 24 აპრილს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი რიგით 36-ე შეხვედრა ჩაიშალა.

 

კომენტარები