ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილი: კრიზისისა და სიჩქარის გათვალისწინებით აქტივები ნორმალურად იყიდება

ბიძინა ივანიშვილმა forbes.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისის და სიჩქარის გათვალისწინებით მისი აქტივები რუსეთში ნორმალურად იყიდება. ივანიშვილი ოფიციალურად 6.4 მილიარდ დოლარს ფლობს, რომლის დიდი ნაწილიც რუსეთშია კონცენტრირებული. მილიარდერმა უკვე გაყიდა ბანკი Российский Кредит, სააფთიაქო ქსელი Доктор Столетов და რამდენიმე დეველოპერული კომპანია. გაყიდული აქტივებიდან ივანიშვილმა 1.5 მილიარდი დოლარი მიიღო. ივანიშვილმა პირობა დადო, რომ მაისის ბოლომდე რუსეთში ყველა ბიზნესს გაყიდის. ივანიშვილის თქმით, მას მხოლოდ Стойленская Нива- ს გაყიდვა დარჩა, სხვა ყველა ბიზნესთან დაკავშირებით, მას უკვე ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული.

ივანიშვილის თქმით, ის აქტივების გაყიდვას იმიტომ ჩქარობს, რომ პოლიტიკაში სულ უფრო აქტიურად ერთვება და არ სურს ვინმეს ეჭვი გაუჩნდეს, რომ ის რუსეთზეა მიჯაჭვული.

ივანიშვილმა არ დააკონკრეტა თუ სად წაიღებს რუსეთში ბიზნესების გაყიდვის შედეგად მიღებულ კაპიტალს. მისი თქმით, მისი კაპიტალი მოძრაობს და ბირჟაზე ყიდის და ყიდულობს აქციებს. მისი განცხადებით, მას გარკვეული გეგმები აქვს მიღებულ კაპიტალთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ მათ გამხელას არ აპირებს. ოფიციალურად, ივანიშვილს საქართველოში ერთადერთი აქტივი, ბანკი ქართუ აქვს.

კომენტარები