ივანიშვილი პოლიტიკაში

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ

„დიდ ფულსა და დემოკრატიას შორის კონკურენციაში, სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს და საქართველოშიც ასე მოხდება.” - აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ჩიკაგოში ახალგაზრდა ატლანტიკოსთა სამიტზე გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას გააკეთა.

„საქართველოს კონსტიტუციაში ახლახან შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქე რომც არ იყოთ და იყოთ ევროკავშირის მოქალაქე, შეგეძლებათ კენჭი იყაროთ ნებისმიერ არჩევნებში. აღნიშნული კანონპროექტით ჩვენ ძირი გამოვუთხარეთ შეთქმულებას, რომელიც ჩვენი არჩევნების დელეგიტიმაციას ისახავდა მიზნად.” – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში არსებული თავისუფლება ნებისმიერ მოქალაქეს, დიდი ფინანსური თუ სხვა რაიმე რესურსით გამორჩეულ პიროვნებას, აძლევს შესაძლებლობას, ნებისმერ საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა.

”მიმაჩნია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, არა აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ, ხალხის ნება გაიმარჯვებს.” – განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა ახალგაზრდა ატლანტიკოსთა სამიტზე გამოსვლისას.

თავად ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ცოტა ხნის წინ ”აბსურდი“ უწოდა.

 

კომენტარები